თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩაც ცაცუამ, სამოქალაქო აქტივისტი ნატაში ლაზიშვილი ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავებოდა, რომ 2025 წლის 18 დეკემბერს, პარლამენტთან, ტროტუარზე დგომით მიზანმიმართულად უშლიდა ხელს მოქალაქეებს გადაადგილებაში.
ნატაში ლაზიშვილი მე-9 ადამიანია, ვინც ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს. 9-დან 5 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 4-ს კი (3 ქალს და პირველ გასამართლებულს ტრტუარზე დგომისთვის, რეზი დუმბაძეს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება “ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.