თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტი, მუსიკოსი გიორგი ბულია სამართალდამრღვევად სცნო და ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ბულიას 17 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”. ე.წ. ტროტუარის საქმეზე უკვე 17 აქტივისტი ცნეს სამართალდამრღვევად მათგან, 9-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 8-ს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.