03-03-2026
თბილისი
მსჯავრდებული არტემ გრიბული გლდანის ციხის თანამშრომელს დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს

მსჯავრდებული არტემ გრიბული გლდანის ციხის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც პატიმრები „მახოს“ სახელით იცნობენ, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, დარია სამოდუროვა ავრცელებს.

ადვოკატის განცხადებით, პირველი ინციდენტი 2026 წლის 23 თებერვალს მოხდა. მისი თქმით, ციხის თანამშრომელმა გრიბულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა კარცერში გადაყვანით და უთხრა, რომ ციხეში „ყველაფერს თავად აგვარებს და აკონტროლებს“. სამოდუროვას ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გრიბულის თანამესაკნე კარცერში გადაიყვანეს სახალხო დამცველთან დარეკვის მოთხოვნის გამო, ხოლო გრიბულმა უარი თქვა თანამესაკნის ნივთების ჩალაგებაზე.

ადვოკატის თქმით, ინციდენტის შემდეგ გრიბული და მისი თანამესაკნე სხვა, მცირე ზომის საკანში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ე.წ. კარანტინში. მისი ინფორმაციით, კარცერში და კარანტინის საკნებში პირობები მძიმე იყო – ანტისანიტარია, ტარაკნები და შეუსაბამო საცხოვრებელი გარემო. დარია სამოდუროვა აცხადებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარს პროკურატურაში ამზადებს და საქმის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატიც.არტემ გრიბული და მისი პარტნიორი ანასტასია ზინოვკინა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, საქართველოში 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2025 წლის 12 სექტემბერს სასამართლომ მათ 8.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება საქართველოში პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო მოხდა.

Share
03-03-2026
1
კაცი: 1
არასათანადო მოპყრობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
პენიტენციური სისტემა (იზოლატორი, საპატიმრო)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი