სინდისის პატიმრის, რუსი აქტივისტის, არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამოდუროვას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, არტემ გრიბულს ციხის თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კარცერში გამოკეტვითა და ახალი საქმის „შეკერვით“ დაემუქრა.
სამოდუროვას ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი ციხის თანამშრომელ ვინმე მახოსა და გრიბულის თანამესაკნეს შორის დაიწყო, რის შემდეგაც თანამშრომელმა პატიმარი კარცერში გადაიყვანა, ხოლო არტემ გრიბულსა და საკანში მყოფ სხვა პატიმრებს მისი ნივთების მოგროვება დაავალა.
ადვოკატის თქმით, გრიბულის მხრიდან უარის თქმას მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა კარცერში მოთავსების შესახებ. დარია სამოდუროვას მიხედვით, ამ კონფლიქტის განმუხტვას ციხის სხვა თანამშრომლები შეეცადნენ.
ანტონ გრიბული შეყვარებულთან, ანასტასია ზინოვკინასთან ერთად 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2025 წლის 12 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათ 8,5-8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ დააკავეს საქართველოში, პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო. გრიბული და ზინოვკინა რუსეთს მოქალაქეები არიან და საქართველოში დროებით ცხოვრობდნენ. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდნენ, პროევროპულ საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.
პუბლიკა, დარია სამოდუროვა