„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 8 თვის ორსული ჟურნალისტი, გერმანიის მოქალაქე მარინა კლიმჩუკი საქართველოში არ შემოუშვეს. 11 მაისს ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს და განუცხადეს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 5,000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი. კლიმჩუკმა თითქმის 24 საათი აეროპორტის დროებითი მოთავსების ოთახში გაატარა. მისი თქმით, ოთახში არც საბანი იყო და არც ბალიში. საკვების შესაძენად ის სამართალდამცავის თანხლებით გაიყვანეს, თუმცა ადგილზე ჭამის უფლება არ მისცეს და ოთახში დააბრუნეს. თითქმის 24-საათიანი ლოდინის შემდეგ კლიმჩუკი უკან, გერმანიაში გააბრუნეს.
კლიმჩუკი ამბობს, რომ ჯარიმის შესახებ მანამდე ინფორმაცია არ ჰქონდა და აეროპორტში საჯარიმო ოქმი არ უჩვენებიათ. მისი თქმით, ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი შესაძლოა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. ჟურნალისტი გასულ წელს საქართველოში ყოფნისას მუშაობდა სტატიებზე, მათ შორის ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
კლიმჩუკის განცხადებით, ის მზად იყო ე.წ. ჯარიმის გადასახდელად და მესაზღვრეების მიერ მითითებულ ანგარიშზე 3,000 ლარიც გადარიცხა, თუმცა მოგვიანებით უთხრეს, რომ თანხის გადახდას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ქვეყანაში მაინც არ შემოუშვებდნენ. გადარიცხული თანხა მას უკან დაუბრუნეს.
ჟურნალისტის ადვოკატი მარიამ ჯიქია აცხადებს, რომ კლიმჩუკს არ მიაწოდეს საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის საჯარიმო ოქმი, ხოლო ქვეყანაში შემოსვლაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიზეზად მიუთითეს მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა. ადვოკატის თქმით, გეგმავს მიმართოს სახალხო დამცველს 8 თვის ორსული ქალის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესასწავლად.