“TV პირველის” ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას პარლამენტმა აკრედიტაცია ერთი წლის ვადით შეუჩერა. ამის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნოდარ მელაძემ გაასაჯაროვა.
ნატა ქაჯაიასთვის აკრედიტაციის ერთი წლით შეწყვეტის მიზეზი პარლამენტართან ინტერვიუს ჩაწერა იყო, მათი უარის მიუხედავად.
პარლამენტმა ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ გადაწყვეტილება მანამდე ორჯერ მიიღო, პირველად 2024 წელს, ხოლო შემდეგ ჯერზე 2025 წელს, როცა ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვის ვადით შეუჩერეს.
საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.