ონლაინ გამოცემებს: „პუბლიკასა“ და „მონიტორს“, საქართველოს პარლამენტმა ვადამდე გაუუქმა აკრედიტაცია, რომელიც ერთი წლის ვადით იყო გაცემული. პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის 21 მაისის ბრძანებებში, რომლებიც მედიებმა მიიღეს, აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლად მითითებულია მიმდინარე სასესიო პერიოდში (05.02.2026 – 17.04.2026), ზედიზედ ათი კვირის განმავლობაში, აკრედიტებული მედიასაშუალების ჟურნალისტების არყოფნა პარლამენტში. „პუბლიკასაც“ და “მონიტორსაც” პარლამენტში აკრედიტებული ოთხ-ოთხი ჟურნალისტი ჰყავდათ.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გამოცემა “პუბლიკას” განუცხადეს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ მუხლის მითითებით პარლამენტში ჟურნალისტებს აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდათ. აღნიშნული წესი 2023 წლიდანაა ძალაში. “მონიტორი”გეგმავს პარლამენტის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
შეგახსენებთ, სტუდია “მონიტორის” არააკრედიტირებულ ჟურნალისტს პარლამენტში პრობლემები შეუქმნეს ერთჯერადი საშვის მიღების დროსაც. „მონიტორის“ ჟურნალისტმა მარიკა დუდუნიამ 17 და 19 თებერვალს ორჯერ მიმართა საქართველოს პარლამენტს ერთჯერადი სპეციალური საშვის მოთხოვნით, თუმცა პარლამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მომხდარს აფასებს, როგორც განზრახვას დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტებს შეეზღუდოთ წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე და შეეშალოთ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. “ყოველივე ეს აზარალებს საქართველოს მოსახლეობას, ტოვებს რა მათ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.