25-03-2026
თბილისი
საქართველოს პარლამენტმა “მონიტორის” ჟურნალისტზე ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია არ გასცა

2026 წლის 25 მარტს, “მონიტორმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც აღნიშულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთან ზაალ დუგლაძესთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხეს, რადგან პარლამენტმა ჟურნალისტზე არ გასცა სპეციალური საშვი.

საქართველოს პარლამენტში მისვლა და პარლამენტის წევრისთვის კითხვის დასმა ვერ შევძელით. ახალი წესების მიხედვით, პარლამენტში შესვლამდე საჭიროა კონკრეტული მიზეზის მითითება სპეციალური საშვის მისაღებად. როდესაც გაიგეს, რომ ზაალ დუგლაძესთან ინტერვიუს ჩაწერა გვინდოდა, პარლამენტმა საშვის გაცემაზე უარი თქვა” – აღნიშნულია “მონიტორის” მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში

“მონიტორმა” პარლამენტს სპეციალური საშვის მოთხოვნით პირველად 17 თებერვალს მიმართა. მოგვიანებით კი, 19 თებერვალს. ჟურნალისტზე საშვი არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვეს. “მონიტორისთვის” მიზეზები არ განუმარტავთ.

2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი, რომლის თანახმად, სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას აპარატის უფროსი იღებს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.  ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია წარმოადგენს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არ ფლობენ საპარლამენტო აკრედიტაციას, ეძლევათ საქართველოს პარლამენტის სასახლეში შესვლისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა კონკრეტული მიზნის ფარგლებში. სპეციალური წესის მიხედვით, საჭიროა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განხადებით მიმართვა და კონკრეტული მიზეზის დასახელება, თუ რისთვის სურთ სპეციალური საშვის მიღება. მანამდე, კანონში ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა.

“ქართული ოცნების” მხრიდან, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებისათვის შეზღუდვების დაწესება 2023 წლის 6 თებერვლიდან დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა.

Share
25-03-2026
1
ქალი: 1
მუშაობაში ხელშეშლა | საშვის არგაცემა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
თბილისი