10-07-2026
თბილისი
ტელეწამყვანი ვახო სანაია დააჯარიმეს სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 6 000 ლარით დააჯარიმა სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. სამართალდარღვევად შეფასდა სოციალურ ქსელში ვახო სანაიას მიერ გამოქვეყნებული პოსტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარლამენტის წევრის, ლადო ბოჟაძის შესახებ.

სანაია, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო, ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული 4000 ლარით. ამიტომ მოსამართლემ გადაწყვეტილება სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებული მუხლის შესაბამისად მიიღო.

საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. 

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც  150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან. ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, რომელიც ამ სამმართველოს ოქმის საფუძველზე დაჯარიმდა.

Share
10-07-2026
1
1
კაცი: 1
სამართლებრივი ინციდენტიფინანსური ჯარიმა (1)
ადმინისტრაციული ორგანო | სასამართლო | შსს
პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი