სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველო შეიქმნება, რომლის ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგი იქნება.
მდინარაძის თქმით, სამმართველო ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას დააკვირდება, მათ შორის ისეთ განცხადებებს, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას ან სხვა მსგავსი ხასიათის კომუნიკაციას.
მისივე განცხადებით, სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში იმოქმედებს და რეაგირება მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე არ იქნება დამოკიდებული. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, სამართლებრივ შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, მასალებს სასამართლოში გადააგზავნის.
მდინარაძემ განაცხადა, რომ ახალი მექანიზმის მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის. მისი თქმით, „კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახდელს“, თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც კომუნიკაცია შეურაცხმყოფელ ან შუღლის გამაღვივებელ ხასიათს მიიღებს, სასამართლომ შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენოს.
ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში საქართველოში საჯარო გამოხატვის, მათ შორის სოციალური ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.მდინარაძის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, რომ დაანონსებული მექანიზმი „ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება, და, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან“.