14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორის, გიორგი (გოგა) ხაინდრავას სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა მიიღო. სასამართლომ „ფორმულას“ 10,000 ლარის გადახდა დააკისრა „მორალური ზიანის მიყენების“ საფუძვლით და დაავალა მოსარჩელის მიმართ „სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ საკუთარ ეთერში უარყოფა.
დავა შეეხებოდა „შაბათის ფორმულაში“ 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებს. 17 იანვრის სიუჟეტში „ფორმულამ“, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შესაძლო შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა.
ხაინდრავა ამტკიცებდა, რომ სიუჟეტში გავრცელდა „არსებითად მცდარი“ და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. „ფორმულის“ იურისტმა ეთო ქათამაძემ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად შეაფასა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია ქვეყნის შიგნით არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს სრულად გამოიყენებს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დავას სტრასბურგშიც გააგრძელებს.
ამავე სიუჟეტის გამო,, საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, გამოძიება „ფორმულის“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეეხება. ამ გამოძიების ფარგლებში პროიკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტები – ნატუკა ლომაძე, მიშო მარტაშვილი და დავით ქაშიაშვილი.