2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კინორეჟისორის, გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.
საქმე უკავშირდება „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტებს. 2026 წლის 17 იანვრის მასალაში საუბარი იყო, 2016-2017 წლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შესაძლო შეთანხმებით, საქართველოში ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების შემოყვანაზე. ხაინდრავა სიუჟეტებში გავრცელებულ ინფორმაციას ცრუსა და ცილისმწამებლურს უწოდებს. მანამდე, 2026 წლის 19 მარტს, ხაინდრავამ „ფორმულას“ სასამართლოშიც უჩივლა და მორალური ზიანისთვის 10,000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
პროკურატურის ცნობით, გიორგი ხაინდრავა საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით უკვე გამოიკითხა. უწყების განცხადებით, საქმეზე ჩატარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ხოლო შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების დასჯის მცდელობად აფასებს. ქარტიის განცხადებით, წყაროს კონფიდენციალობა ჟურნალისტის დაცული უფლება და ფუნდამენტური პროფესიული სტანდარტია, ხოლო ჟურნალისტის იძულება, წყარო გაამჟღავნოს, დაუშვებელია.