MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად „სიწმინდეების დასაცავად“ ახალი მოძრაობა დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობას „მყისიერი რეაგირება“ ექნება „სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე“.
„საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთ“, – განაცხადა ქართველიშვილმა მოძრაობის პრეზენტაციისას.ქართველიშვილის თქმით, ქართული იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები, რელიგია და კულტურა „კოორდინირებული თავდასხმის“ სამიზნე ხდება, რომლის ავტორებადაც მან „ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები“, პოლიტიკოსები, აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები და მათთან აფილირებული პირები დაასახელა. მისი განცხადებით, მოძრაობა იწყებს ბრძოლას „უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი“ ადამიანებისა და ჯგუფების წინააღმდეგ.
გიორგი ქართველიშვილი ბოლო დღეებში პროსამთავრობო მედიაში ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის მხარდამჭერ კონტექსტში ჩნდებოდა. პროსამთავრობო არხები მას თავდასხმაში ბრალდებული პირის მეგობრად მოიხსენიებდნენ და მისი პოზიციები ბრალდებულის დასაცავად გამოიყენებოდა. აქტივისტები ქართველიშვილს ასევე ე.წ. ტიტუშკების მობილიზებაში ადანაშაულებენ. ის სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
„ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე ინიციატივას მიესალმა და განაცხადა: „კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე“. მისი თქმით, „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში“.
მოძრაობის დაფუძნებას „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანიც გამოეხმაურა და მას საზოგადოების ნაწილის „ბუნებრივი რეაქცია“ უწოდა. წილოსანმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი გააკონტროლონ და ადამიანის ღირსებას არ შეეხონ, რადგან მოძრაობას „მყისიერი რეაგირება“ აქვს დაანონსებული.
მოძრაობის დაფუძნება მოხდა იმ ფონზე, როდესაც პროსამთავრობო მედიამ ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში დისკრედიტაციული კამპანია აწარმოა, რის შემდეგაც, მას სახლთან თავს დაესხნენ. თავდასხმის შემდეგაც იგივე მედიასაშუალებები აგრძელებდნენ ოქრიაშვილის ვიდეოების კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელებას და პარალელურად თავდასხმაში ბრალდებული პირის მხარდამჭერი შინაარსის მასალებს ავრცელებდნენ.
ამ კონტექსტში, „სიწმინდეების დაცვის“ სახელით შექმნილი მოძრაობა და მის გარშემო გაჟღერებული გზავნილები აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკური და მედიაგარემო კრიტიკული ხმების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აგრესიის მობილიზებასა და ძალადობის გამამართლებელი ნარატივების გავრცელებას უწყობს ხელს.