22-07-2026
თბილისი
დისკრედიტაციული კამპანიის შემდეგ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი თავს დაესხა

22 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი ფიზიკურად უსწორდება. თავდასხმის შემდეგ ოქრიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

ოქრიაშვილის მეუღლის, მარიამ სამუშიას განცხადებით, მას გამოკვლევები უტარდება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა დაზიანებები. „ყვირილი გავიგე სახლთან, დავურეკე ონისეს და აღმოჩნდა, რომ მას დაესხნენ თავს. ონისეს ახლა უტარებენ გამოკვლევებს, რომ გაარკვიონ, აქვს თუ არა დაზიანებები. დღეს ვსაუბრობდით, რომ ვაპირებდით ჩივილს იმ ცილისწამების გამო, რაც გაავრცელა პროპაგანდისტულმა მედიამ და დღეს სცემეს ონისე. ეს არის ხელოვნურად გაღვივებული ზიზღი“, – განაცხადა მარიამ სამუშიამ.

თავდასხმას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიასაშუალებების მიერ ოქრიაშვილის წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციული კამპანია. რამდენიმე დღის განმავლობაში პროსამთავრობო არხები მას აკრიტიკებდნენ კომედიური YouTube-შოუს, „პანჩლაინ თერაპიის“, ერთ-ერთ ეპიზოდში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო. ოქრიაშვილის განმარტებით, სადავო ფრაზა არა მწერლის შეურაცხყოფას, არამედ ჰიპოთეტურ კონტექსტში ნათქვამ კომედიურ შედარებას წარმოადგენდა. ონისე ოქრიაშვილი კომიკოსია და ბოლო პერიოდში აქტიურად არის ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. ის მონაწილეობს სხვადასხვა სოლიდარობის აქციაში, მათ შორის, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და უკანონო პატიმრობების წინააღმდეგ გამართულ პროტესტებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-მ განაცხადა, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში  თავად გამოცხადდა. 

მიუხედავად თავდასხმისა, ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანია არ შეწყვეტილა. პროსამთავრობო მედიასაშუალებები კვლავ ავრცელებენ მის ვიდეოებსა და ფრაგმენტებს სტენდაფებიდან და პოდკასტებიდან, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით. ამავე დროს, იმავე არხებზე ვრცელდება თავდასხმაში ბრალდებული პირის მხარდამჭერი შინაარსის მასალები, სადაც ის წარმოჩენილია არა როგორც ძალადობაში ბრალდებული პირი, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც თითქოს „ქართული ღირსება“, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ნოდარ დუმბაძის სახელი დაიცვა. აღნიშნული გზავნილები კოორდინირებულად ვრცელდება როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ისე „რუსთავი 2-ის“ პლატფორმებზე. 

ამ ფონზე, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მხოლოდ 5000 ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვს. საკითხს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის, დეპუტატის მანდატი გამოიყენოს და, ნიკო ხურცილავას სურვილის შემთხვევაში, თავდებში დაუდგეს, რათა ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.

Share
22-07-2026
2
1
კაცი: 1
დაშინება, მუქარა და დისკრედიტაციააქტივისტების საჯარო დისკრედიტაცია ან სტიგმატიზაცია (1)
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობაფიზიკური დაზიანების მიყენება (1)
არაიდენტიფიცირებული პირები | პროსამთავრობო მედია
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი