უფლებადამცველი მარიკა არევაძე აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მასზე მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა იძალადა. მისი თქმით, მანდატურმა ხელი ჰკრა და ძალის გამოყენებით დაატოვებინა სასამართლოს შენობა.
„ამ კადრებში არ ჩანს, ხელს როგორ მკრავს და ძალადობს ეს არაადამიანი!! თუმცა ჩანს სიტუაცია“, – წერს არევაძე სოციალურ ქსელში. არევაძის განცხადებით, ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს მოქალაქეებს, რომლებიც 26 ივლისს თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად იყვნენ მისული და ადმინისტრაციული პროცესების დასრულებას ელოდებოდნენ.
დაზარალებულთა თქმით, ბოლო საქმის განხილვისას მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ასევე იძალადეს აქტივისტ რუსკა მჭედლიძეზე. მჭედლიძის განცხადებით, მანდატურები მას ხელს არ უშვებდნენ და უფრო უჭერდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ტკივილის გამო გათავისუფლებას სთხოვდა. მისი თქმით, ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ გონების დაკარგვის ზღვარზე იყო. დღის განმავლობაში სასამართლოში მოქალაქეებსა და მანდატურებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ატოვებინებენ მანდატურები მოქალაქეებს სასამართლოს შენობას ძალის გამოყენებით.