2026 წლის 10 აგვისტოს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა კობა ფარტენაძემ საკუთარ Facebook გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
„ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან. ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა…რამდენჯერ უნდა დამესხან თავს, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ეს უკვე სისტემური პრობლემაა?“, – დაწერა ფარტენაძემ და სამართალდამდცავ ორგანოებს მიმართა. ჟურნალისტმა “აჭარა თაიმსს” უთხრა, რომ მისი ვარაუდით, თავდასხმის ერთ-ერთი მოტივი შესაძლოა მისი პროფესიული საქმიანობაც იყოს, ვინაიდან თავმდამსხმელი აჭარის ტელევიზიასაც უცენზურო და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ”, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს.
11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კობა ფარტენაძის მიმართ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე შსს-მ ორი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 151-ე (მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს.