სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ისის „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ აკრიტიკებს და მიკერძოებაში ადანაშაულებს.
ჯაღმაიძის უკმაყოფილება მოჰყვა ქარტიის 15 ოქტომბრის განცხადებას, რომელიც საპატრიარქოს მხრიდან დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისთვის – „ფორმულასა“ და „TV პირველისთვის“ – შეზღუდვების დაწესებას ეხებოდა. კერძოდ, საპატრიარქომ აღნიშნულ მაუწყებლებს სპეციალური აკრედიტაცია არ მისცა, რითაც 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გაშუქების უფლება შეუზღუდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეაფასა ქარტიამ დისკრიმინაციად და ჟურნალისტურ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ხელშეშლად.
ანდრია ჯაღმაიძე საპასუხო აცხადებს, რომ ქარტია „გადაქცეულია ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული რადიკალური მედიის დამცველ ბიუროდ“.
„საინტერესოა, ნუთუ ქარტიას 2021 წლის შემდეგ ჟურნალისტთა მხრიდან არანაირი ეთიკური გადაცდომა არ შეუნიშნავს? ნუთუ არ გასცნობია ვიდეომასალებს, რომლებშიც ასახულია სასულიერო პირების მიმართ ჟურნალისტების სადავო ქცევა, მათ შორის, ღვთისმსახურების დროს მათი შეწუხებისა და დადგენილი წესების უგულებელყოფის შემთხვევები?“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ტექსტს თან ურთავს ვიდეოკოლაჟს, სადაც წლების განმავლობაში ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა სასულიერო პირისთვის კრიტიკული კითხვების დასმის მცდელობებია ამოჭრილი და დამონტაჟებული.
განცხადების დასასრულს, ანდრია ჯაღმაიძე ეჭვქვეშ აყენებს თვითრეგულირების ორგანოს პროფესიულ პასუხისმგებლობას და სვამს კითხვას: „ხომ არ დადგა დრო, შეიქმნას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ეთიკის კომისია?!“