26 ივლისს თბილისის საკრებულოსთან დაკავებული 10 პირის საქმეების განხილვა სასამართლომ 28 ივლისს, გვიან ღამით დაასრულა. საქმეები მოსამართლეებმა ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ განიხილეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოთხ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ია მელითაურსა და ნატო ბოლქვაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, შაკო ბაღდოშვილსა და ლაშა დგებუაძეს კი – 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
დანარჩენი დაკავებულები სასამართლომ დააჯარიმა: თორნიკე თოშხუა – 3,000 ლარით, ვასო ბერიძე – 5,000 ლარით, მარიამ მეყანწიშვილი – 6,000 ლარით, მარინე ნანავა – 5,000 ლარით, სანდრო სეხნიაშვილი – 5,000 ლარით. თორნიკე თიკარაძის საქმის განხილვა 31 ივლისისთვის გადაიდო და ის დაკავებიდან გათავისუფლდა.
ია მელითაურის საქმეში მოსამართლემ 173-ე მუხლის დარღვევა არ დაადგინა და ის სამართალდამრღვევად მხოლოდ წვრილმან ხულიგნობაში ცნო. პროცესზე დამსწრეთა ინფორმაციით, მელითაურმა პოლიციაში არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა და მოსამართლეს დაკავებისას მიღებული დაზიანებები აჩვენა.
სხდომების პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეებსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების შესახებ. გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ ატოვებინებდნენ მანდატურები მოქალაქეებს სასამართლოს შენობას ძალის გამოყენებით.
საქმე 26 ივლისს თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. პოლიციამ თავდაპირველად თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელიც საკრებულოსთან ბანერით იდგა წარწერით: „ბიძინა ყ*ეა? კი — არა“. მისი დაკავების შემდეგ, სოლიდარობის ნიშნად, მოქალაქეებმა იმავე შინაარსის ბანერები გაშალეს, რის შემდეგაც პოლიციამ დამატებით 9 პირი დააკავა. შსს დაკავებულებს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.