ბახმაროში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, სემინარი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა და მას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
პროსამთავრობო მედიამ, ტელეკომპანია „იმედმა“, სემინარი „გრანტების შესახებ“ კანონის კონტექსტში გააშუქა და ყურადღება გაამახვილა საკითხზე, ჰქონდა თუ არა სემინარის ორგანიზებასა და დაფინანსებას სახელმწიფოს თანხმობა.
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 1999 წელს დაარსდა. სკოლა ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს და მას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.
საკითხს გამოეხმაურნენ მაღალი თანამდებობის პირებიც. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სემინარს „პოლიტიკური პროექტი“ უწოდა და განაცხადა, რომ თუ პროექტს ევროპის საბჭო აფინანსებს, უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა მას მთავრობის თანხმობა. პაპუაშვილმა სემინარი არმაზ ახვლედიანის პოლიტიკურ საქმიანობასაც დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას ამ საკითხზე პასუხი აქვს გასაცემი.
სემინართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, „ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას“. კობახიძის თქმით, ხელისუფლება დაინტერესდება საკითხით და, შესაბამისი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
21 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე კვლავ ისაუბრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ ორგანიზებულ სემინართან დაკავშირებით. პაპუაშვილმა არმაზ ახვლედიანს „რადიკალი ოპოზიციონერი“ უწოდა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიმართაც გააჟღერა ბრალდებები. მისი თქმით, შესაძლოა საქმე ეხებოდეს კანონის გვერდის ავლას, რასაც აუდიტის სამსახური შეისწავლის.
იმავე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაიწყო მონიტორინგი ა(ა)იპ „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ, სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღების ფაქტზე.
უწყების განცხადებით, საკითხის შესწავლისას ის კანონმდებლობით, მათ შორის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მონიტორინგის ფარგლებში ეტაპობრივად განახორციელებენ ყველა საჭირო მოქმედებას, მათ შორის გამოკითხავენ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებს და შეისწავლიან შესაბამის დოკუმენტაციას.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 16 აპრილს მიიღო. ცვლილებების თანახმად, გრანტის გამცემმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოს, ხოლო თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში გრანტის მიმღები გრანტის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება. ცვლილებებით ანტიკორუფციულ ბიუროს დამატებითი უფლებამოსილებებიც მიენიჭა, მათ შორის ფინანსური ანგარიშის მოთხოვნის, ფიზიკური პირის გამოკითხვისა და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვის უფლება. სამოქალაქო სექტორმა აღნიშნული ცვლილებები გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ კანონი „მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას“ და საერთაშორისო მხარდაჭერის შეზღუდვას ისახავს მიზნად.