4 მარტს, პროევროპული აქციების კიდევ ორ მონაწილეს „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. დემე შარიქაძეს სანქცირებულმა მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დავით ბასარიას სანქცირებულმა მოსამართლემ ნინო ენუქიძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივე მათგანს 31 იანვარს, შაბათის ტრადიციული მარშის დროს, საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.
აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.