22-10-2026
თბილისი
გიორგი ახობაძესთან სახლში პოლიცია მივიდა და მუქარის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა

სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადებით, პოლიცია მის საცხოვრებელ სახლში მივიდა და მუქარის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. ახობაძის თქმით, სამართალდამცველები საქმის დეტალებს არ განუმარტავენ.

აქტივისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მის სახლში ოთხი პოლიციელი იმყოფება. ერთ-ერთი სამართალდამცველი ადგენს ოქმს, რომლის მიხედვითაც, ახობაძე გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდება. აქტივისტი აცხადებს, რომ გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მისვლას გეგმავს.

„დღე არ გადის ისე, რომ მუქარას არ ვიღებდე და აქეთ ჩემთან აქვთ კითხვები თურმე“, – წერს ახობაძე. მისი განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები მის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობაზე სათანადოდ არ რეაგირებენ. პოლიციის მოქმედებებს ის რეპრესიად აფასებს.

გიორგი ახობაძე პირველად 2024 წლის 7 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციიდან დაბრუნებისას დააკავეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდნენ, თუმცა სასამართლომ გაამართლა. 

2026 წლის 8 ივლისს ახობაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო 3,000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო 24 ივლისს კვლავ დააკავეს. სასამართლომ მას ვატო შაქარიშვილის მიმართ Facebook-ზე დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

Share
22-10-2026
1
1
კაცი: 1
ირიბი ზეწოლა („chilling effect")→აქტივისტების დაბარება „გასაუბრებაზე" ან გამოკითხვებზე (1)
პროკურატურა
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი