10-12-2024
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის 1-10 დეკემბერი

კონტექსტი

2024 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის,   მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. საპროტესტო ტალღა უკავშირდებოდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ფართო საზოგადოებრივ უკმაყოფილებას. აღნიშნულ პერიოდში საპროტესტო შეკრებები ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა. 

საანგარიშო პერიოდში სამართალდამცავებმა არაერთხელ დაშალეს მშვიდობიანი საპროტესტო შეკრებები, გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები, დააკავეს მოქალაქეები როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის წესით. სხვადასხვა პირების მისამართებზე ჩაატარეს პირადი და საცხოვრებელი სივრცეების ჩხრეკები. დაკავების, ტრანსპორტირების და სამართალდამცავ ორგანოებში ყოფნის დროს მოქალაქეები მიუთითებდნენ არასათანადო მოპყრობაზე. გავრცელებული ცნობები აღწერს ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ცალკეულ შემთხვევებში  მოაქალაქეები მიუთითებენ   პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონების და ჩანთების უკანონო ჩამორთმევაზე სამართალდამცველთა მხრიდან. მითითებულ პერიოდში სასამართლოებმა სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენესადმინისტრაციული პატიმრობები ან დააკისრეს ფინანსური სანქციები. გარდა ამისა, სისხლის სამართლის წესით დაკავებული ყველა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენეს – პატიმრობა. 

  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა: საანგარიშო პერიოდში საპოლიციო ძალებმა საპროტესტო მანიფესტაციები 5-ჯერ დაარბიეს.
  • სისხლის სამართლის დაკავებები: 10 დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია დაახლოებით 40 პირი.
  • ადმინისტრაციული დაკავებები: იმავე პერიოდისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 400-ზე მეტი პირი.
  • ფიზიკური ძალადობა / არასათანადო მოპყრობა: სახალხო დამცველის მიერ მონახულებული 327 დაკავებული და დაშავებული პირიდან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 შემთხვევაში დაფიქსირდა ხილული დაზიანებები.
  • ფინანსური სანქციები / ადმინისტრაციული წარმოება: საანგარიშო პერიოდში სასამართლოებმა გამოიყენეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის ჯამურად სულ მცირე 8100 ლარის ოდენობის ჯარიმები, აგრეთვე სიტყვიერი გაფრთხილებები.
  • ქონების / პირადი ნივთების ჩამორთმევა: საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა სულ მცირე 5 შემთხვევა, სადაც დაკავებებს თან ახლდა პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონების, სავარაუდო უკანონო ჩამორთმევა.
  • სისხლის სამართლებრივი დევნა / გამოძიების დაწყება: სასამართლო პრაქტიკის ფარგლებში წინასწარი პატიმრობა შეეფარდა სულ მცირე 19 ბრალდებულს,( ე.წ. 8  პირიანი და 11 პირიანი საქმეები). 
  • ირიბი ზეწოლა / „Chilling Effect“: გამოვლინდა სულ მცირე 3 განსხვავებული ტიპის პრაქტიკა, რომლებიც ქმნის ირიბი ზეწოლის ნიშნებს, მათ შორის საჯარო სექტორში რეორგანიზაციის კონტექსტი, საპროტესტო სივრცეებთან დაკავშირებული მასობრივი საპოლიციო კონტროლი და აქტივისტების საგამოძიებო ორგანოებში დაბარების პრაქტიკა.

1 დეკემბერი

ღამის საათებში, გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმი დემონსტრანტების მიმართ იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. ხელმისაწვდომი ცნობების შეფასება მიუთითებს, რომ ცალკეულ ეპიზოდებში ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპს.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, ცრემლსადენი გაზი გამოყენებულ იქნა დახურულ სივრცესთან დაკავშირებულ გარემოებებში, მათ შორის საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებთან და შენობების შიდა პერიმეტრში, რაც განსაკუთრებულ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს უსაფრთხოების სტანდარტების კონტექსტში. საანგარიშო პერიოდში ასევე დაფიქსირდა აქციის მონაწილეთა გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ნიშნები, მათ შორის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის შეზღუდვა და ალყაში მოქცევის ტაქტიკის გამოყენება.

1-2 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი ათზე მეტ ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის.

მკვლევარი შოთა ნარსია, 1 დეკემბერს, დაახლოებით 01:39 საათზე, ძმები ზუბალაშვილებისა და ლესია უკრაინკას ქუჩების მიმდებარედ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებას წინ უძღოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან ფიზიკური ძალადობა, მათ შორის დარტყმები და ძალის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ იგი წინააღმდეგობას არ უწევდა. ნარსია მიუთითებს, როგორც ფიზიკურ დაზიანებებზე, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

შშმ პირების უფლებების დამცველი და აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი 1–2 დეკემბრის ღამით რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი გზით დააკავეს. მისი თქმით, სპეცრაზმის თანამშრომლები მას ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ — მიუხედავად იმისა, რომ ხელები მშვიდობის ნიშნად მაღლა ჰქონდა აწეული. დაკავების შემდეგ, ჯვარშეიშვილის მონათხრობით, ძალადობა გაგრძელდა სპეციალურ ავტომობილში, სადაც მას ურტყამდნენ და გადაადგილების შესაძლებლობას უზღუდავდნენ. ცემა იმდენად ინტენსიური იყო, რომ, არსებული ინფორმაციით, აქტივისტმა მძიმე დაზიანებები მიიღო — დაუდგინდა ნეკნების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება. ჯვარშეიშვილი აღწერს, რომ ფიზიკურ ძალადობას თან ახლდა დამამცირებელი და აგრესიული სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი განცხადებით, სამედიცინო დახმარება მხოლოდ მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ გახდა შესაძლებელი. იგი ასევე აცხადებს, პოლიციელებმა ჯიბიდან ამოუღეს მობილური ტელეფონი და საფულე, სადაც ჰქონდა ფული და პირადი დოკუმენტები. ასევე წაართვეს ზურგჩანთა. 

რატი ბოქოლიშვილი 1 დეკემბრის დილას რუსთაველის გამზირზე დააკავეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მისი მონათხრობის მიხედვით, სამართალდამცველები მას და მის თანმხლებ პირებს მოულოდნელად დაესხნენ თავს, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ბოქოლიშვილი აღწერს, რომ დაკავებისას და შემდეგ, სპეციალურ ავტომობილში, მასზე განხორციელდა განმეორებითი ფიზიკური ძალადობა, მათ შორის სახისა და სხეულის არეში დარტყმები. მისივე განცხადებით, ძალადობას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. მიღებული დაზიანებების შედეგად, მას დაუდგინდა ცხვირის ძგიდის დაზიანება და ტვინის შერყევა, საჭირო გახდა სამედიცინო დახმარება და მკურნალობა. ბოქოლიშვილი ასევე აცხადებს, რომ ამ დროს წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი, ზურგჩანთა, ჩაფხუტი და რესპირატორიანი ნიღაბი.

საბა ქევხიშვილი 1 დეკემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე დააკავეს მასობრივი მშვიდობიანი შეკრების დაშლის შემდეგ. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები, მათ შორის ცხვირის, ყბისა და თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. ქევხიშვილის განცხადებით, მიკროავტობუსში მას სცემდნენ, ემუქრებოდნენ და წაართვეს მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები.

38 წლის თემურ ზასოხაშვილი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო 48 საათის შემდეგ სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს. მას ედავებიან 1 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, მოლოტოვის კოქტეილის სროლას, რის შედეგადაც, ბრალდების ვერსიით, წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა; სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატების განცხადებით, ზასოხაშვილს დაკავებისას აღენიშნებოდა მძიმე ფიზიკური დაზიანებები, ხოლო საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერითა და ფოტოთი ამოცნობით მისი იდენტიფიცირება სადავოა, ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებისას მას აღენიშნებოდა მძიმე ფიზიკური დაზიანებები, მათ შორის სახისა და სხეულის არეში, და გადაადგილება უჭირდა.  მისი ადვოკატის განცხადებით, ზასოხაშვილი დაკავების შემდეგ მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა – სახეზე აღენიშნებოდა დალურჯებები და სისხლჩაქცევები, უჭირდა გადაადგილება და თვალის გახელაც.

53 წლის დავით ლომიძე  პოლიციამ 2024 წლის 1 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, ხოლო 48 საათის ამოწურვის შემდეგ სისხლის სამართლის ბრალი წაუყენა. მას ედავებიან მოლოტოვის კოქტეილის სროლას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით; სასამართლომ 4 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკავებისას ლომიძეზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე ჩამოერთვა პირადი ნივთები. ლომიძე ბრალს არ აღიარებს, ხოლო ადვოკატი საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არასაკმარისად და სადავოდ მიიჩნევს. დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ლომიძეზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა მიკროავტობუსში გადაყვანისას მას ხელები შეუკრეს და სცემდნენ. ადვოკატის თქმით, ძალადობას თან ახლდა ფსიქოლოგიური ზეწოლაც, მათ შორის თანამშრომლობისა და ჩვენების შეცვლის მოთხოვნები.  გარდა ამისა, სპეცრაზმელებმა დავით ლომიძეს პირადი ნივთები მოჰპარეს, მას თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, საფულე და საბანკო ბარათები.

21 წლის გიორგი მინდაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 2024 წლის 1 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პროკურატურა მას სამართალდამცავების მიმართულებით პიროტექნიკის სროლას ედავება, ხოლო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების დასასაბუთებლად წარმოდგენილია ფოტოსურათი და პოლიციელის ჩვენება, თუმცა ადვოკატი მტკიცებულებებს არასაკმარისად მიიჩნევს. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებისას მინდაძის ადგილსამყოფელი დედისთვის უცნობი იყო, რის გამოც მას სხვადასხვა უწყებაში მოუწია შვილის ძებნა.

​​მსახიობი ნათია ბუნტური აცხადებს, რომ საპროტესტო აქციაზე ჩოჩქოლის დროს სამართალდამცველებმა წამოაყენეს და ტერიტორიის დატოვების მოტივით გვერდითა ქუჩაზე გაიყვანეს. მისი თქმით, აღნიშნულ ადგილზე, პოლიციელებთან საუბრისას, თავში დაარტყეს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო. ბუნტურის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ იგი გაარიდეს ტერიტორიას.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე – თამარ ჟვანია, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, იგი აქციის მიმდინარეობისას სპეცრაზმის წინ იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობებით, მას უჭირდა მეტყველება და აღენიშნებოდა დეზორიენტაციის ნიშნები.  

2 დეკემბერი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე დაიწყო აქციის დაშლა. სპეციალური დანიშნულების რაზმი დაიძრა თავისუფლების მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით და განლაგდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, მათ შორის ქაშვეთის ეკლესიის პერიმეტრზე. აქციის დაშლის პროცესში გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები. დაახლოებით 22:10 საათისთვის სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. აქციის მიმდინარეობას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადებები, რომლებშიც უწყება მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდა და სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე მიუთითებდა.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს ადგილი ჰქონდა სავარაუდო ძალის გადამეტების შემთხვევებს. ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირდა დემონსტრანტებისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტები და დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

დილის 7 საათისთვის, საპოლიციო ძალებმა აქციის დარბევა დაიწყო და აქციის მონაწილეებიც დააკავა. დაკავებულთა შორის არის უფლებადამცველი გიორგი დავითური. ის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 28 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ პოეტ ზვიად რატიანს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, იგი საავადმყოფოდან პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს, საიდანაც საპატიმროში წაიყვანეს. ახლობლების ცნობით, რატიანმა დაკავებისას მიიღო ფიზიკური დაზიანებები. ზვიად რატიანმა დაკავებისას მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები, რაც სასწრაფო სამედიცინო ჩარევასა და წოლით რეჟიმს საჭიროებდა. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რატიანი საავადმყოფოდან პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ახლობლების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად უგულებელყოფს დაზარალებულის სამედიცინო საჭიროებებს.

გიორგი ჩუტკერაშვილი სპეცრაზმელებმა 2 დეკემბრის აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. მისი თქმით, დაკავების პროცესში და შემდგომ, სატრანსპორტო საშუალებაში ყოფნისას, მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და მუქარა. გიორგი ჩუტკერაშვილი ჰყვება, რომ დაკავებისას სპეცრაზმის თანამშრომლებმა მასზე სასტიკად იძალადეს. მისი თქმით, თავდაპირველად ძირს დააგდეს, კეფაში დაარტყეს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით შეაგდეს მანქანაში. ჩუტკერაშვილის აღწერით, ფიზიკური ძალადობა ავტომობილშიც გაგრძელდა — ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის სახეში და კეფაში, მიუხედავად მისი თხოვნისა, რომ ცემას შეწყვეტდნენ. იგი ასევე იხსენებს, რომ სამართალდამცველები დასცინოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკური დაზიანების მიყენებით ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, ძალადობა განმეორებით გაგრძელდა, ხოლო ერთ-ერთმა პირმა მას ცხვირის არეში დაარტყა. ჩუტკერაშვილი აღნიშნავს, რომ დაკავების პროცესში მას ფოტოებიც გადაუღეს და ინტერესდებოდნენ, თითქოს იგი აქციების ორგანიზებაში მონაწილეობდა.

ლაზარე მაღლაკელიძე 2 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს საპროტესტო აქციის კონტექსტში. მისი თქმით, დაკავების შემდეგ, სამართალდამცავებმა მასზე რამდენჯერმე იძალადეს, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებაში გადაყვანისას. მაღლაკელიძე აღნიშნავს, რომ ფიზიკურ ძალადობას თან ახლდა მუქარა და დამამცირებელი მოპყრობა. ლაზარე მაღლაკელიძე აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ სპეცრაზმის თანამშრომლებმა მასზე არაერთხელ იძალადეს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა თავდაპირველად ჟურნალისტების არარსებობა გადაამოწმეს, რის შემდეგაც ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყეს მას თავზე საწვიმარი გადააფარეს და ჯგუფურად სცემდნენ, მათ შორის სახისა და სხეულის არეში. მაღლაკელიძე იხსენებს, რომ ცემის შედეგად გონება დაკარგა, ხოლო გონს მოსვლის შემდეგ ძალადობა გაგრძელდა. მისივე აღწერით, იგი სხვა დაკავებულებთან ერთად მიკროავტობუსში შეაგდეს, სადაც სპეცრაზმელები პერიოდულად ბრუნდებოდნენ და მათ ცემას აგრძელებდნენ, მათ შორის სრულ სიბნელეში. დაზარალებულის განცხადებით, ფიზიკურ ძალადობას თან ახლდა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაუპატიურების მუქარები.

24 წლის შშმ პირი, დათო აბულაძე, საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა დააკავა და სცემა. არსებული ინფორმაციით, მასთან და მის მეგობართან სამი სპეცრაზმელი მივარდა, ჩამოართვეს პირადი ნივთები და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავების შემდეგ აბულაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც თარჯიმანი არ უზრუნველყვეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკომუნიკაციო ენა მხოლოდ ჟესტების ენაა. მოგვიანებით იგი კლინიკაში მოათავსეს.დათო აბულაძე ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. მას აღენიშნება თვალების არეში ჩალურჯებები, ტვინის შერყევა და დაზიანებები ფეხებზე. 

26 წლის დავით ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით აფეთქების მომზადებას ედავება, ხოლო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქმეში მითითებული ნივთები მას არ ეკუთვნოდა. დაცვის მხარის განცხადებით, წარმოდგენილი ვიდეომასალა ბრალდებულის იდენტიფიცირებას ვერ უზრუნველყოფს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა ამოღებულ ნივთიერებებს ასაფეთქებელ ან აალებად ნივთიერებად არ მიიჩნევს. ადვოკატის შეფასებით, ბრალდება ძირითადად ჩხრეკის ოქმს ეყრდნობა.

მურად გევორქიანი სამართალდამცველებმა თბილისში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საქმეზე დააკავეს. შსს-ის განცხადებით, მას პარლამენტის შენობისკენ ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებიან, რის შედეგადაც შენობაში ხანძარი გაჩნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოდან სასწრაფო დახმარების მანქანამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა აქციაზე დაკავებული და ნაცემი ა.ტ. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებული იზოლატორში ყოფნისას უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უყურადღებოდ დარჩა და საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. სასამართლო პროცესი გვიან ღამემდე გაგრძელდა და, ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, სხდომა არ გადაიდო. ა.ტ. 30 ნოემბერს, აქციის დაშლისას დააკავეს და, არსებული ინფორმაციით, ნაცემ მდგომარეობაში მოათავსეს იზოლატორში.

“გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრს და პოლიტიკურ აქტივისტს გელა ხასაიას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. მისი თქმით, სამი ნიღბიანი პირი უკნიდან მიუახლოვდა, ზურგში დაარტყეს, რის შედეგადაც ხრეშზე სახით დაეცა, ურტყამდნენ ზურგში, ფეხებსა და სახეში. შემთხვევის შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფონზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს. ოფიციალური მონაცემებით, ჰოსპიტალიზებულთა შორის 23 აქციის მონაწილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენელი იყო. უწყების განცხადებით, დაშავებულთა ნაწილი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკებში რჩება, ხოლო ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. სამინისტროს მტკიცებით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნულია, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ჰოსპიტალიზაცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ განხორციელდა.

აქციაზე დაკავებული ISFED-ის მკვლევარი შოთა ნარსია სასამართლომ 2800 ლარით დააჯარიმა. ნარსია 1 დეკემბრის დილას დააკავეს. ორგანიზაციის ცნობით, დაკავების ეპიზოდს თან ახლდა ფიზიკური ძალადობა –  მას უკნიდან დაარტყეს, წაქცევის შემდეგ კი, მიწაზე ათრიეს და მოგვიანებით კედელთან მიიმწყვდიეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავების შემდეგ ნარსია მიუთითებდა როგორც ფიზიკურ დაზიანებებზე, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

3 დეკემბერი 

პარლამენტის წინ შეკრების დაშლის შემდეგ საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე კვლავ მიმდინარეობდა. ღამის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა ვითარება. გავრცელებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალები დევნიდნენ დემონსტრანტებს და იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის გაზის კაფსულებს. მედიის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, რუსთაველის გამზირზე გაზის კაფსულების გამოყენება ფიქსირდებოდა შენობების სახურავებიდანაც, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ასევე. გავრცელებული ინფორმაციით, 3 დეკემბერს, დაახლოებით 03:00 საათისთვის, შევჩენკოს ქუჩაზე მიმდინარე საპოლიციო ოპერაციების პარალელურად, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით გათიშული იყო გარე განათება.

ანტონ ჩეჩინი, რუსეთის მოქალაქე, საქართველოში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან, თუმცა ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე მიუთითებს მტკიცებულებებში არსებულ შეუსაბამობებზე, მათ შორის ვიდეომტკიცებულების არარსებობაზე და დაკავებისას შესაძლო ძალადობაზე.

პროკურატურის განცხადებით, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, მათ შორისაა, გიორგი მინდაძე და მურად გევორქიანი. უწყების ინფორმაციით, ერთ ბრალდებულს ედავებიან პიროტექნიკის გამოყენებით სამართალდამცავის დაზიანებას, მეორეს – პარლამენტის შენობაზე განთავსებული სამეთვალყურეო სისტემისთვის ცეცხლის წაკიდებას, ხოლო მესამეს – პარლამენტის ერთ-ერთი ოთახის დაზიანებას ხანძრის შედეგად.  

3 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ალექსი თირქიამ მძიმე დაზიანებები მიიღო. იგი ინგოროყვას კლინიკაში იქნა მოთავსებული და მედიკამენტური ძილის ქვეშ იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნებოდა სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კედლის მოტეხილობა, ასევე შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება და ტრავმული სისხლჩაქცევა.

რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულები ზაჰესისა და სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება. ადვოკატის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული 18 წლის მუსიკოსია, რომელიც დიჯეია. მისი თქმით, დაკავებისას სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს  თავდაპირველად წაქცევის შემდეგ ურტყამდნენ, შემდეგ კი ცემა გაგრძელდა ავტომობილშიც. ლაშა ტყეშელაძის განმარტებით, დაკავებულს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის თვალების მიდამოში.

3 დეკემბრის მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა ჯამში 201 პირი მოინახულეს, მათ შორის, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 21 წლის ახალგაზრდა, რომლის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. ომბუდსმენის განცხადებით, 1–3 დეკემბერს დამატებით მოინახულეს 75 პირი თბილისის, ბაღდათის, გორისა და ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში. მათგან 56-მა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა, ხოლო 44 დაკავებულს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.

3 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შვილმა, დავით ჯანჯალიამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მასსა და მისი ოჯახის წევრებზე ფიზიკური თავდასხმა იგეგმებოდა. მისი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მიიღო და შესაძლო თავდასხმის ადგილებად ასახელებს როგორც საცხოვრებელ გარემოს, ისე საპროტესტო აქციებს. დავით ჯანჯალია ამ განცხადებას უკავშირებს მამის მიერ თანამდებობის დატოვებას.

თეიმურაზ ჯანჯალიამ პოსტი 30 ნოემბერს დატოვა. 1 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ხოლო თავად ჯანჯალიამ აღნიშნა, რომ გადადგომა ბოლოდროინდელ მოვლენებს – ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ამ ფონზე დაწყებულ მასობრივ საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა.

4 დეკემბერი

3-4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, 23:30 საათიდან სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა   აქციის დაშლა დაიწყო. მანამდე, 22:23 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ახორციელებდნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, თუმცა 23:21 საათის მდგომარეობით აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ადგილზე მშვიდობიანად იმყოფებოდა.

აქციის დაშლის პროცესში გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. ცრემლსადენი გაზის კაფსულები გამოიყენებოდა დიდი რაოდენობით, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც დემონსტრანტები მჭიდროდ იყვნენ შეკრებილი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ შენობების სახურავებიდან, მათ შორის რუსთაველის ეროვნული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეთა ნაწილი მიუთითებდა სპეციალური საშუალებების ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებაზე.

4 დეკემბრის გამთენიისას, დაახლოებით 03:29 საათიდან, სპეცრაზმმა გააგრძელა აქციის დაშლა რუსთაველის მოედნის მიმართულებით. ამავე პერიოდში, რესპუბლიკის მოედანზეგანლაგდა დამატებითი საპოლიციო ძალები. დაფიქსირდა აქციის მონაწილეთა გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევები, მათ შორის ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობის შეზღუდვა, დემონსტრანტთა გადაადგილების ბლოკირება და მათი იძულებითი გადაადგილება კონკრეტული მიმართულებებით. არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ინფორმაციით, აღნიშნულ მოვლენებს თან ახლდა დაკავებების შემთხვევებიც.

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ აცხადებს, რომ 4 დეკემბერს დაკავებული 20 წლის მოქალაქე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასამართლოს შენობიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ორგანიზაციის ცნობით, დაკავებული დიღმის იზოლატორში ყოფნისას – დაახლოებით 35 საათის განმავლობაში, სამედიცინო დახმარებას ითხოვდა, თუმცა კლინიკაში მისი გადაყვანა არ განხორციელდა. დაცვის მხარის განცხადებით, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას ახალგაზრდის მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადვოკატის მიერ იქნა გამოძახებული. ორგანიზაცია მიუთითებს შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე დაკავებისა და იზოლატორში ყოფნის პერიოდში. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური უწყებების პოზიცია განცხადებაში წარმოდგენილი არ არის.

რუსთაველის გამზირზე დაკავებული პირები ზაჰესისა და სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მისი თქმით, ზაჰესის იზოლატორში მონახულებულ ერთ-ერთ დაკავებულს, 18 წლის მუსიკოსს, სხეულზე დაზიანებები აქვს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული მიუთითებს დაკავებისას შესაძლო ფიზიკურ ძალადობაზე. ტყეშელაძის განცხადებით, ახალგაზრდას აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები სახისა და სხეულის არეში.

არჩილ მუსელიანცი  საპატრულო პოლიციამ ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, მან მზიურის პარკში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვეფხია კასრაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავების მომენტში იგი ერთ-ერთ ბინაში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა; პოლიციამ ადგილზე იკითხა, ვინ იყო ვეფხია კასრაძე, რის შემდეგაც მან თავი თავად გააცნო და სამართალდამცველებს მშვიდად ჩაბარდა. იმავე დღეს ჩატარდა ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ; ოჯახის განცხადებით, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ, თუმცა მსგავსი ნივთები არ აღმოჩენილა.

ვასილ კაძელაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობდა მრავალრიცხოვანი საპოლიციო ძალა. დაკავების პარალელურად ჩატარდა ჩხრეკა, რომლის ფარგლებშიც, ოჯახის განცხადებით, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ, თუმცა ასეთი ნივთები არ აღმოჩენილა.

4 დეკემბერს, 18:58 საათზე, ჩხრეკა ჩატარდა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელ ბინაში. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო ადვოკატი ბინაში მხოლოდ დაკავების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეუშვეს. სამართალდამცველებმა ბინიდან აირწინაღები, ტანსაცმელი და პულვერიზატორები ამოიღეს. ზვიად ცეცხლაძეს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას.

4 დეკემბერს, ჯგუფური ძალადობის საქმეზე სისხლის სამართლის წესით დააკავეს ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი და ინსაფ ალიევი. პროკურატურის ვერსიით, ისინი იმ ჯგუფური ძალადობის გეგმის მონაწილეები და განმახორციელებლები არიან, რომლის ორგანიზებასაც უწყება ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძესა და ზვიად ცეცხლაძეს ედავება. აღნიშნულ პირებთან მიმართებით საქმეები ერთ წარმოებად არის გაერთიანებული და სასამართლო მათ ერთად განიხილავს.

პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ილიაუნის ლექტორის, საბა ჯაჯანიძის საცხოვრებელ სახლშიც. მისი მეუღლის, ანა კვანჭილაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავები ბინაში შევიდნენ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. ანა კვანჭილაშვილის განცხადებით, პარალელურად პოლიციელები მის დედასთანაც მივიდნენ, სადაც, მისი თქმით, ჩხრეკას წინ უძღოდა კარის იძულებით გაღების მუქარა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. იურისტი თამარ გურჩიანი წერს, რომ საბა ჯაჯანიძის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობდა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, მოწმისა და ადვოკატის გარეშე. მისივე ცნობით, ადგილზე მისვლამდე ადვოკატი ჩხრეკის პროცესში არ მონაწილეობდა.

ჩხრეკა ჩატარდა „დაიტოვეს“ წევრის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლში. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ სამართალდამცავებმა დალუქეს და წაიღეს მისი მობილური ტელეფონი და ლეპტოპი. გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ ამოუღიათ. „დაიტოვე“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფეისბუქჯგუფია, რომელიც 236 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს. ჯგუფში აქტიურად განიხილება პროტესტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ილია ღლონტის შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა ჯგუფის დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის (ქრისტინა ბოტკოველი) საცხოვრებელ სახლშიც. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების, შედეგად ბინიდან ამოიღეს აირწინაღი, წიწაკის სპრეი და მობილური ტელეფონი.

სამართალდამცველები შევიდნენ მოძრაობა „ნაბიჯის“ ოფისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც ჩხრეკა გადაუდებელი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, გამომძიებელმა განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედების საფუძველი იყო ვარაუდი, თითქოს ოფისში შეიძლებოდა ინახებოდეს კანონსაწინააღმდეგო ნივთები ან ნივთიერებები. 

პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც, მათი თქმით, სამართალდამცველებს არ წარუდგენიათ ჩხრეკის ორდერი ან სასამართლოს განჩინება და ადვოკატების დაშვებაზეც უარი განაცხადეს. მათი განცხადებით, ოფისიდან ამოიღეს სხვადასხვა ნივთი, მათ შორის დროშები და ფიზიოლოგიური ხსნარები. ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციამ ხუთი პირი –  დავით გედენიძე, ვახტანგ გაგნიძე, ირაკლი არდია, საბა ბირკაია და მიშიკო ჯანიკაშვილი  გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ისინი ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას გაემიჯნენ,   „საბოტაჟის მცდელობა“ უწოდა. პეტიციას ხელი საბოლოოდ, 229 თანამშრომელმა მოაწერა.

კალაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები „პასუხგაუცემელი არ დარჩება“ და რეაგირება კანონის ფარგლებში განხორციელდება. ანალოგიური შეფასება მან 1 დეკემბერსაც გააკეთა, როდესაც რეორგანიზაცია ამ კონტექსტში ახსენა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ რეორგანიზაცია შესაძლოა ირიბი ზეწოლის მექანიზმად იქცეს და გავლენა მოახდინოს საჯარო მოსამსახურეთა გამოხატვის თავისუფლებაზე.

4 დეკემბერს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნისა“ და „რუსთაველის“ ზედა ფოიესა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა საპროტესტო აქციაზე მიმავალი მოქალაქეების მასობრივი შემოწმებისა და კონტროლის შემთხვევები. გავრცელებული კადრების მიხედვით, სამართალდამცავები მოქალაქეებს აყოვნებდნენ, ამოწმებდნენ და პირად ნივთებს უხსნიდნენ, რაც შეკრების ადგილზე გადაადგილებას აფერხებდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკა სცდება კანონით განსაზღვრულ ზედაპირული შემოწმების ჩარჩოებს, რადგან ასეთი მოქმედებები ინდივიდუალურ სამართლებრივ საფუძვლებს მოითხოვს და არ მოიცავს პირადი ნივთების გახსნას. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მსგავსი ქმედებები შეიძლება შეფასდეს როგორც მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმა და მოუწოდებს შსს-ს, იმოქმედოს კანონის ფარგლებში.

5 დეკემბერი

ირაკლი არდია, საბა ბირკაია და ვახო გაგნოძე ენმ-ის ოფისის ჩხრეკის დროს დააკავეს. მოგვიანებით სასამართლომ მათ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა: ირაკლი არდიას – 7 დღე, საბა ბირკაიას – 7 დღე, ხოლო ვახო გაგნოძეს – 14 დღე.

ზურაბ დათუნაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მისი ადვოკატის განცხადებით, დაკავებისას და იზოლატორში გადაყვანის პროცესში დათუნაშვილზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, რის შედეგადაც მას დაზიანებები აღენიშნება. 

5 დეკემბერს, ქუთაისში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციასთან შეხლა-შემოხლის შედეგად რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს ერთი არასრულწლოვანი, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, დაკავების პროცესს თან ახლდა დაძაბულობა, აქციის მონაწილეები არასრულწლოვანის გაყვანას აპროტესტებდნენ, თუმცა პოლიციამ იგი ძალის გამოყენებით გაიყვანა პერიმეტრიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. მედიის ცნობით, დაკავება სავარაუდოდ უკავშირდება პოლიციელების მიმართულებით მსუბუქი პიროტექნიკის გამოყენებას. 

საბა ჯიქია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, იგი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, დანით შეიარაღებული თავს დაესხა შსს-ს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საბა სხვიტარიძე, გვიან ღამით, თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, იგი ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება; სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულის მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დიღმის მთავარ სამმართველოში მასზე ფიზიკურად იძალადეს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი და პოლიტიკური აქტივისტი საბა სხვიტარიძე საპატრულო პოლიციამ ღამით გააჩერა, ხელბორკილები დაადო და დააკვა. მისი თქმით, სამხრე კამერა მხოლოდ რამდენიმე წამით ჩაირთო, რის შემდეგაც გამორთეს, ხოლო ოჯახის წევრს ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მიეცა. როგორც აღწერს, თბილისის მთავარ სამმართველოში გადაყვანის შემდეგ, სამართალდამცველებმა იგი მეხუთე სართულზე აიყვანეს, სადაც, გამომძიებლების ოთახიდან გასვლისთანავე, ნიღბიანი პირები შევიდნენ. დაკავებული ამბობს, რომ მათ ფიზიკური ძალადობა დაიწყეს, ურტყამდნენ თავისა და სხეულის არეში, რის შედეგადაც პერიოდულად გონებას კარგავდა. მისივე განცხადებით, ძალადობა მოგვიანებითაც გაგრძელდა, მათ შორის სხვა სართულზე გადაყვანის შემდეგ, სადაც კვლავ ნიღბიანი პირების მხრიდან ცემასა და ზეწოლაზე საუბრობს. დაკავებული აღნიშნავს, რომ დაზიანებები დაუფიქსირეს, თუმცა ჩვენების მიცემაზე ზეწოლა გრძელდებოდა. სხვიტარიძემ ოქმს ხელი არ მოაწერა.

ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცველებმა სახლში ძალის გამოყენებით შეაღწიეს. მათი განცხადებით, დაკავებისას ანრისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოყენებული იყო ფიზიკური ძალა – მათ ურტყამდნენ წიხლებს, ხოლო ანრი საცვლების ამარა გაიყვანეს სახლიდან. მისი თქმით, ადგილზე მყოფი პირები აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ კვარაცხელია გდდ-ს თანამშრომელს დაესხა თავს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებს, მოთხოვნის მიუხედავად, ჩხრეკის ან დაკავების განჩინება არ წარუდგენიათ, ხოლო სახლში შესვლა ძალადობრივი იყო. კვარაცხელიას ცოლი აცხადებს, რომ პოლიციელები აგრესიულად იქცეოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურადაც შეეხნენ. მისი თქმით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ყელში წაუჭირა ხელი, ტელეფონის გადადება მოსთხოვა და წინააღმდეგობის ფონზე კვარაცხელია ძალის გამოყენებით გაიყვანეს ბინიდან — ფაქტობრივად, გაათრიეს.

თეატრისა და კინოს 28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საკუთარ სახლში 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, საცხოვრებელ მისამართზე მობილიზებული იყო პოლიციის დიდი რაოდენობა, ხოლო მედიის ნაწილმა გაავრცელა დაკავების ამსახველი კადრები. საქმეზე ოფიციალური ბრალდება უკავშირდება 29 ნოემბრის ღამეს პარლამენტის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს. პროკურატურის ვერსიით, ანდრო მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, რაც გამოიხატა სხვადასხვა საგნის, მათ შორის ჯოხის, სროლაში სამართალდამცველების მიმართულებით. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. 

ონისე ცხადაძე თერჯოლაში, ოჯახის სახლში დააკავეს. ახლობლების აღწერით, ოპერაციაში პოლიციის დიდი რაოდენობა მონაწილეობდა. ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. 

გურამ მირცხულავა პოლიციამ 5 დეკემბერს, სახლთან ახლოს შეაჩერა. ოჯახის ინფორმაციით, მას ოთხი საპოლიციო მანქანა დახვდა; ჩხრეკა ჩატარდა საცხოვრებელ ბინაშიც, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთები არ ამოუღიათ. გურამ მირცხულავას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და პოლიციელებისთვის მძიმე საგნის სროლას ედავება. 7 დეკემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების ძირითადი მტკიცებულება 14-წამიანი ვიდეოჩანაწერია, რომელიც უწყვეტ კადრს არ წარმოადგენს და რამდენიმე მონაკვეთისგან შედგება. ადვოკატის შეფასებით, ჩანაწერში არ იკვეთება, რომ მირცხულავა პოლიციის მიმართულებით ისვრის რაიმე საგანს; მისივე ვარაუდით, კადრებში ასახული კვამლიანი ობიექტი შესაძლოა გაზის კაფსულა იყოს. სხვა მტკიცებულებები, დაცვის თქმით, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

5 დეკემბერს თბილისში საპროტესტო აქციების კონტექსტში.  უკრაინის მოქალაქეები, 27 წლის სერგეი კუხარჩუკი და რუსლან სივაკოვი დააკავეს, რომლებსაც გამოძიება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალის მიხედვით, რუსლან სივაკოვს ქვის, ხოლო სერგეი კუხარჩუკს – შუშისა და პლასტმასის ცარიელი ბოთლების სროლას ედავებიან. დაცვის მხარე ჯგუფურობის არსებობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ვიდეომასალა არ ადასტურებს მიზანმიმართულ ძალადობას ან ზიანის მიყენებას. 

ჯანო არჩაია ე.წ. თერთმეტეულის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია, სადაც პროკურატურა მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალის ფორმულირების მიხედვით, საქმე ეხება საპროტესტო აქციების დროს განვითარებულ მოვლენებს და მოიცავს ძალადობისა და ქონების დაზიანების ეპიზოდებს, თუმცა დაცვის მხარის განცხადებით, არჩაიას მხრიდან ფიზიკური ძალადობის ან კონკრეტული ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ იკვეთება. არჩაია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ორგანიზებულ ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

5 დეკემბრის მდგომარეობით, სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა 260 დაკავებული და დაშავებული პირი მოინახულეს. მათგან 188 მოქალაქე პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მონახულებები განხორციელდა როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ისე სამოქალაქო კლინიკებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

6 დეკემბერი

6–7 დეკემბერის, ლეგიტიმური პროევროპული პროტესტის მე-9 ღამეს, 00:33 საათიდან, სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა დაიწყო საპროტესტო აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 00:40 საათისთვის სპეცრაზმმა დაიკავა პარლამენტის წინა ტერიტორია. პროცესში გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, მათ შორის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. დაფიქსირდა აქციის მონაწილეთა გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევები, მათ შორის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის შეზღუდვა.

დაშლის დაწყების შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე განლაგდა დამატებითი საპოლიციო ძალები. გავრცელებული ინფორმაციით, აქციიდან გადაადგილებული პირების მიმართ ფიქსირდებოდა დევნისა და დაკავების შემთხვევები. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე მთელი ღამის განმავლობაში შემოვიდა ინფორმაცია 51 დაკავებული პირის შესახებ. ასევე გავრცელდა ცნობები მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეთა შემოწმებისა და ჩხრეკის პრაქტიკის შესახებ.

00:45 საათისთვის, მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან სხვა გასასვლელები დაიკავეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან თარხნიშვილის ქუჩით სანაპიროსკენ გადაინაცვლეს, სადაც მათ უცნობი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ. კადრებში კარგად ჩანს თავდამსხმელთა სახეები, შესაბამისად მათი იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი. თუმცა, მსგავსი შემთხვევებზე წინა გამოცდილება აჩენს ეჭვებს ეფექტიანი და დროული გამოძიების მოლოდინთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, გაათავისუფლეს 19 წლის სანდრო ბუკია, რომელიც პოლიციამ რუსთაველის გამზირზე 6 დეკემბერს საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავა. ოჯახის ცნობით, დაკავების შემდეგ ახალგაზრდა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დედის განცხადებით, სანდრო ბუკიას ეპილეფსია აქვს, რის შესახებაც მან დაკავებისას სამართალდამცველებს ადგილზე აცნობა.

ოჯახის წევრების თქმით, გათავისუფლების შემდეგ ახალგაზრდას აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში. ოფიციალური უწყებების დეტალური განმარტება მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის უცნობია.

ლუკა ჯაბუა, 6 დეკემბერს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და 4–6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაცვის მხარის განცხადებით, ლუკა სასამართლომდე არ იცნობდა იმ პირებს, ვისთან ერთადაც ჯგუფურ ქმედებაში სდებენ ბრალს, ხოლო საქმეში მისი მხრიდან ძალადობრივი ქმედების კონკრეტული აღწერა არ ჩანს. ადვოკატის თქმით, მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ ვიდეოჩანაწერი და საგამოძიებო ოქმები, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება.

პროკურატურამ გიორგი ტერაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდება უკავშირდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს განვითარებულ მოვლენებს, სადაც გამოძიება ძალადობის ორგანიზებასა და ქონების დაზიანებას მიუთითებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18,229-ე მუხლებით, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯგუფური ძალადობის საქმეში გიორგი ტერაშვილთან ერთად კიდევ ათი ადამიანია: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რეზო კიკნაძე ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი  და ირაკლი ქერაშვილი.  

რეზო კიკნაძეს სისხლის სამართლის საქმეში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან (სსკ 225-ე მუხლი), რის გამოც იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და 4–6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კიკნაძე ბრალდებას უარყოფს. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში არსებობს მნიშვნელოვანი შეუსაბამობები, მათ შორის დაკავების ადგილის შესახებ — ოფიციალურ მასალებში მითითებულია ლისის ტბა, მაშინ როცა მოწმეები დაკავებას მეტრო „უნივერსიტეტთან“ ადასტურებენ. ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულებები დროულად არ იქნა ამოღებული, რის შედეგადაც ჩანაწერები განადგურდა. ჯგუფური ძალადობის საქმეში რეზო კიკნაძესთან ერთად კიდევ ათი ადამიანია: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი  და ირაკლი ქერაშვილი.   რევაზ კიკნაძემ იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, დაკითხვისას სთხოვდნენ, დაესახელებინა პირები, რომლებიც თითქოს მას „აფინანსებდნენ“, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია. კიკნაძე წერს, რომ მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ცრუ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. ადვოკატის მიერ გავრცელებულ წერილში კიკნაძე საკუთარ დაკავებას უკანონოდ აფასებს და მიუთითებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, სწორედ აღნიშნულის გამო მიიღო შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება.

ირაკლი ქერაშვილი საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თერთმეტეულის წევრია.მასაც 4-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმის მასალებში ვკითხულობთ, რომ ირაკლი ქერაშვილს ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, „რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა”. საქმე ძირითადად პოლიციის თანამშრომლების პატაკებს ეყრდნობა. ირაკლის ადვოკატი რევაზ ვაჭარაძე ამბობს, რომ საქმეში ვერ ნახავთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქმედების მტკიცებულებას, რომელიც დაგვანახებდა, რომ ირაკლი ქერაშვილმა რამე, ან ვინმე დააზიანა; რომ ირაკლი ქერაშვილი დაკავშირებული იყო სხვა დაკავებულ პირებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საქმეზე რვა ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო, სახელმწიფო ბრალდებას კი ვაჟა თოდუა და შმაგი გობეჯიშვილი წარმოადგენდნენ. პატიმრობა შეეფარდათ ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ისაკ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ზვიად ცეცხლაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობას, ასევე აფეთქების მომზადებას  ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის 5 წევრიდან სამს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ერთს კი 3000-ლარიანი ჯარიმა. კერძოდ, ირაკლი არდიას მიესაჯა 7-დღიანი პატიმრობა, ვახო გაგნოძეს – 14-დღიანი პატიმრობა, საბა ბირკაიას – 7-დღიანი პატიმრობა, ხოლო მიშიკო ჯანიკაშვილს – 3000-ლარიანი ჯარიმა. ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის ხუთი წევრი პოლიციამ 4 დეკემბერს, ოფისის გასაჩხრეკად მისვლის დროს დააკავა.

7 დეკემბერი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი და პოლიტიკური აქტივისტი ცოტნე კობერიძე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მისი განცხადებით, დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, სცემეს და წაართვეს ტელეფონი. კობერიძე ასევე მიუთითებს გინებისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე.

ბეატრის გაზდელიანი 7 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს.   ბეატრის გაზდელიანის განაცხადებით, პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ მოპყრობას. მისი თქმით, სამართალდამცველები ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ და ნიღბებით მყოფი თანამშრომლები პირად ღირსებას შემლახავი შინაარსის კომენტარებით მიმართავდნენ. გაზდელიანის განმარტებით, აღნიშნული ქმედებები აღიქმებოდა როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟის მცდელობა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო მოვლენების დროს მსახიობ გიორგი მახარაძეს ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მახარაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ძალადობის ფაქტს აკვირდებოდნენ, თუმცა არ ჩარეულან.საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში მახარაძე პოლიციელს მიმართავს და აცხადებს, რომ მან დაინახა, როგორ სცემდა მას დაახლოებით 30 პირი ხელკეტებით. მახარაძე პოლიციას მოუწოდებს, დაიცვას დემონსტრანტები.აღნიშნული შემთხვევა დასახელდა ერთ-ერთ მაგალითად, რომელიც არაფორმალური ჯგუფების მხრიდან ძალადობაზე პოლიციის რეაგირების არარსებობასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას აჩენს.

გიორგი ბრეგვაძე 7 დეკემბერს, შუაღამისას, პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს. მისი თქმის, სპეცრაზმის თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და ჩხრეკის დროს მობილური ტელეფონი წაართვეს. მისი თქმით, ტელეფონის წართმევის შემდეგ მოწყობილობა აღარ დაბრუნებულა. ბრეგვაძე აღნიშნავს, რომ წართმეული Iphone 15 Pro Max განვადებით ჰქონდა შეძენილი და მისი გადახდა კვლავ უწევს. იზოლატორში გადაყვანამდე, პოლიციის განყოფილებაში, მას განუმარტეს, რომ უწყება პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლებიც დაკავებულს ოფიციალურად უფიქსირდება მიყვანის მომენტში. 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი, ვაკო ალავიძე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. გავრცელებული ცნობების თანახმად, დაკავება განხორციელდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

საბა ციმინტია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, იგი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ წაიყვანა, როდესაც მეგობრებთან ერთად ლუკა ჯაბუას პროცესზე იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაკავების მომენტი ადგილზე არსებულ ვიდეოკამერებშიც დაფიქსირდა.

19 წლის სანდრო ბუკია, რომელსაც ეპილეფსია აქვს, 7 დეკემბრის ღამეს დააკავეს. დაკავების შემდეგ მალევე გათავისუფლებულდა ხელწერილის საფუძველზე,, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის არეში. ახლობლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედა სამართალდამცველებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აფრთხილებდა, ეს გარემოება არ გაითვალისწინეს. ბუკიას ბიძის განცხადებით, ახალგაზრდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მისი მდგომარეობა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 7 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე ვითარებამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რის გამოც უწყებამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 48 პირი, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.

ვალერი თეთრაშვილი ე.წ. თერთმეტეულის საქმეში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული, რაც 4–6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იგი ბრალს არ აღიარებს და სასამართლო პროცესებზე დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილია ერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც თეთრაშვილი ძირს დაგდებულ, უკვე გამოყენებულ პიროტექნიკას იღებს და ისვრის, თუმცა ადვოკატის განმარტებით, კადრები არ ადასტურებს ძალადობას, ზიანს ან ქონების დაზიანებას. ადვოკატი მიუთითებს, რომ თეთრაშვილი აქციაზე მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა და სხვა ბრალდებულებს სასამართლომდე არ იცნობდა. 

თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ჩხრეკისას მას 4.4 გრამი MDMA ამოუღეს, რის გამოც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარედგინა, რაც 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება ან ნეიტრალური მოწმე და მიუთითებს პროცედურულ დარღვევებზე. ადვოკატის თქმით, ამოღებულ ნივთებს შორის არ ფიგურირებს დაკავებისას თან არსებული საგნები, ხოლო ნარკოლოგიურმა შემოწმებამ თედოს ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება არ დაადასტურა. საქმე, დაცვის შეფასებით, ძირითადად პოლიციის თანამშრომელთა განმარტებებს ეყრდნობა.

8 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისში მიმდინარე აქციაზე დაკავებულ 18 წლის საბა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯიქია 5 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.  გამოძიების ვერსიით, მან სამართალდამცველს ფეხი დაარტყა, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდების დადგენილებაში დანის გამოყენება არ ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ სხდომაზე ამ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო ვიდეოში დაფიქსირებული „პრიალა საგანი“ იდენტიფიცირებული არ არის.

ამავე დღეს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ანზორ კვარაცხელიასაც. შსს-ის მტკიცებით, მას ბრალად ედება აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა. ადვოკატის განცხადებით, დაკავების ოქმი მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდა, რაც კვარაცხელია სახლიდან წაიყვანეს, რაც დაცვის მხარის შეფასებით დაკავების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს; ალტერნატიული გირაოს მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ჯანო არჩაიას, ონისე ცხადაძეს, უკრაინის მოქალაქე რუსლან სივაკოვს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუასა და ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წარედგინათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 4-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

8 დეკემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების საქმეები განიხილეს.წიგნების თაროს“ მონაწილეები ნიკა ბერიძე და თენგო სვანიძე სასამართლო დარბაზიდან სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლეს. სანდრო მეტრეველს მოსამართლემ 2300 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.ადმინისტრაციული დაკავებული “წიგნების თაროს“ მონაწილე ნიკა ბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი განმარტებით, დაკავებამდე ტროტუარზე იმყოფებოდა და სამართალდამცავების მხრიდან გაფრთხილება არ მიუღია.   ადმინისტრაციული დაკავებული თენგო სვანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი განმარტებით, დაკავებამდე ტროტუარზე იმყოფებოდა და სამართალდამცავების მხრიდან გაფრთხილება არ მიუღია.  

ადმინისტრაციული სამართლის წესით დაკავებულ  სანდრო მეტრეველს სასამართლომ 2300 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებისას მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა და მას აღენიშნებოდა დაზიანებები. დაცვის მხარის ინფორმაციით, საქმეზე სანდრო მეტრეველს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. სანდრო მეტრეველის ადვოკატის, ნინო ლომინაძის განცხადებით, დაკავებისას მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, რის შედეგადაც მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ადვოკატის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს უკვე მიაწოდეს.

ახლობლების ინფორმაციით, ლაშა გოგებაშვილი ღამით დააკავეს მას შემდეგ, რაც მის ავტომობილს გზა გადაუკეტეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ დაკავება შესაძლოა პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხეზე დროშის დაკიდების ეპიზოდს უკავშირდებოდეს.

პროტესტის აქტიური მონაწილე, გიორგი ახობაძე 8 დეკემბერს, გამთენიისას,  თბილისში, თამარ მეფის გამზირზე დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მას უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და შენახული 3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პევეპე“, რასაც თავად ახობაძე უარყოფს და აცხადებს, რომ ნივთიერება პოლიციელებმა ჩაუდეს. დაცვის მხარის განცხადებით, ჩხრეკა ჩატარდა შესაბამისი პროცედურული დოკუმენტაციისა და ვიდეოფიქსაციის გარეშე, ხოლო საქმეში მტკიცებულებად მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებია წარმოდგენილი. ადვოკატის თქმით, ვიდეოჩანაწერების ამოღების შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ახობაძე ბრალდებას პოლიტიკურ მოტივაციას უკავშირებს და მიუთითებს მის აქტიურ მონაწილეობაზე საპროტესტო აქციებში.

პროტესტის აქტიური მონაწილე ნიკა კაცია 8 დეკემბერს დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, იგი სახლთან შეაჩერეს, სხვა ტერიტორიაზე გადაიყვანეს და გაჩხრიკეს, თუმცა თავდაპირველად აკრძალული ნივთიერება არ ამოუღიათ. თავად კაცია აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს და დაკავებისას არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს .მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას უკავშირდება, რაც დამტკიცების შემთხვევაში, 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მიუხედავად დაცვის შუამდგომლობისა გირაოს გამოყენებაზე. კაციას მეგობრების თქმით, ის სახლიდან რუსთველის გამზირზე, პროდასავლურ აქციაზე მიდიოდა

აქციების ფარგლებში დაკავებულ რევაზ კიკნაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კიკნაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  6 დეკემბერს გავრცელებულ წერილში, კიკნაძე აცხადებდა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, რის საპასუხოდაც შიმშილობა გამოაცხადა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობით, რამდენიმე სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტი დაიბარეს კრიმინალურ პოლიციაში მოწმის სახით გამოკითხვაზე.  გამოკითხვაზე დაბარებულთა შორის არიან აქტივისტები მაკუნა გოჩიაშვილი, ანა სუბელიანი და მარიამ კვარაცხელია, ასევე რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა. მათი საჯარო განმარტებებით, დაბარება უკავშირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239/1 მუხლებით მიმდინარე გამოძიებას.

დამატებით გავრცელებული ცნობებით, ანალოგიური საფუძვლით გამოკითხვაზე დაიბარეს  “კოალიცია ცლვილებებისთვის” წევრი და პოლიტიკური აქტივისტი ანი ქავთარაძე, და სამოქალაქო აქტივისტები ალბი კორძაია და გიორგი რომელაშვილი. საჯარო განცხადებების თანახმად, დაბარებულ პირებს პოლიციაში გამოცხადება არ დაუგეგმავთ და მზადყოფნა გამოთქვეს ჩვენების მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემაზე. 

გარდა ამისა, ტიკტოკერმა თაკო ლოჩოშვილმა განაცხადა, რომ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს მას შემდეგ, რაც მისი ლაივიდან ამოჭრილი მონაკვეთები სოციალურ ქსელში, ჯგუფ „ანტი მაიდანში“ გავრცელდა. მისი თქმით, „იმედის“ ჟურნალისტი დაუკავშირდა და ვიდეოზე საუბრისას ჰკითხა, აღიარებდა თუ არა ინფრასტრუქტურის დაზიანებას. მოგვიანებით, ლოჩოშვილის განმარტებით, პოლიციიდან აცნობეს, რომ გამოკითხვაზე იყო დაბარებული მის პოსტებთან დაკავშირებით.

9 დეკემბერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი და დეკანი მამუკა ჯორბენაძე, ასევე სტუდენტები: გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე.

უწყების განცხადებით, საქმე უკავშირდება 3 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციას, რომლის ფარგლებშიც, შსს-ს ვერსიით, უნივერსიტეტის შენობაში მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

23 წლის დანიელ მუმლაძე, 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება 112-ის სათვალთვალო კამერების დაზიანება, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში რჩება, მიუხედავად აღიარებისა, სინანულისა და ზარალის ანაზღაურების მზადყოფნისა. დაცვის მხარის პოზიციით, ამ პირობებში პატიმრობის გამოყენება სადამსჯელო ხასიათს ატარებს. საქმის მიხედვით, ბრალდებული აცხადებს, რომ კამერების დაზიანება მისი მიზანი არ ყოფილა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი და პოლიტიკური აქტივისტის საბა სხვიტარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სხვიტარიძე რუსთავის #6 პენიტენციურ დაწესებულებაში, მკაცრი რეჟიმის პირობებშია მოთავსებული, ხოლო საკანში ანტისანიტარიაა. ადვოკატის თქმით, ამავე საქმეებზე დაკავებულ სხვა პირებთან შედარებით, მხოლოდ სხვიტარიძის მკაცრი რეჟიმის პირობებში გადაყვანა განხორციელდა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დამატებით კითხვებს აჩენს გადაწყვეტილების მიზნებთან და პროპორციულობასთან დაკავშირებით. ჩომახაშვილის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში სხვიტარიძის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, რის შედეგადაც მას დაზიანებები აქვს. ადვოკატის განმარტებით, მის მონათხრობში საუბარია ნიღბიანი პირების მიერ ცემაზე.

10 დეკემბერი

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ყოფილ ჟურნალისტს ნიკა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ნიკა კაციას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატ ნინო ლომინაძის განცხადებით, კაცია სამართალდამცავებმა სახლთან დააკავეს, სხვა ტერიტორიაზე გადაიყვანეს და გაჩხრიკეს, თუმცა მისი თქმით, ჩხრეკის შედეგად აკრძალული ნივთიერება არ ამოუღიათ. ახლობლების ინფორმაციით, დაკავების დროს ნიკა კაცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მიდიოდა.

ექიმს, გიორგი ახობაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა  აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და მიუთითებს, რომ დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციელებმა ჩაუდეს. ადვოკატების ინფორმაციით, საქმეში ვიდეომტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი სტანდარტით ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღება სავალდებულოა.   გიორგი ახობაძე 7–8 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების კონტექსტში დააკავეს 1997 წელს დაბადებული ვ.თ., რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. უწყების განცხადებით, ბრალდებული არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და სხვადასხვა საგანს ისროდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ის ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე მუხლით გრძელდება. სისხლის სამართლის წესით დაკავებულია დაახლოებით 40 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, პროტესტის მე-13 ღამეს ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს, რაც უწყებაში „პუბლიკას“ დაუდასტურეს.

არსებული მონაცემებით, მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით (28 ნოემბერი – 10 დეკემბერი) სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია დაახლოებით 40 პირი, ხოლო ადმინისტრაციული წესით –  400-ზე მეტი.

Share
10-12-2024
128
792
კაცი: 107 ქალი: 10 ორგანიზაცია: 3
ადმინისტრაციული სამართლის დაკავება (400) | დაკავება | ირიბი ზეწოლა („chilling effect") (4) | მშვიდობიანი შეკრების აკრძალვა ან დაშლა | პირადი ნივთების უკანონო ჩამორთმევა დაკავების / აქციის დაშლის დროს (5) | სისხლის სამართლის დაკავება (40) | სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება | ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა (328) | ფინანსური სანქციები (4) | შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა (5) | წინასწარი პატიმრობა (19)
არაიდენტიფიცირებული პირები | მუნიციპალური ორგანოები | პენიტენციური სისტემა (იზოლატორი, საპატიმრო) | პროკურატურა | სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო | პროტესტის ჩახშობა