“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, გიორგი გოცირიძე, ტროტუარზე პროტესტისთვის სასამართლოში დაიბარეს. სასამართლო პროცესი 16 მარტს არის ჩანიშნული. უკვე ცნობილია, რომ გიორგი გოცირიძის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძე განიხილავს.
“გიორგი გამოცდილი კონსტიტუციონალისტია და იგი მრავალი წელია მუშაობს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების საკითხებზე საქართველოში. დღეს ის თავად გახდა ანტიკონსტიტუციური მოწესრიგების სამიზნე. ტროტუარზე დგომის გამო პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა”, – წერს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”. ე.წ. “ტროტუარის საქმეზე” უკვე 20-ზე მეტი აქტივისტი ცნეს სამართალდამრღვევად. მათგან, ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. არაერთი აქტივისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია, საქმეზე სასამართლო კი ჯერ არ ჩანიშნულა.