არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამოდუროვას განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს თავისუფლების აღკვეთის ტიპი შეუცვალეს – ნახევრად ღიადან დახურულ რეჟიმზე. შესაბამისი ბრძანება გრიბულს ადვოკატის მისვლამდე ჩააბარეს და იგი, ადვოკატის ინფორმაციით, საიდუმლო სხდომის ოქმს ეფუძნება. დახურული ტიპის დაწესებულებაში მოთავსება მნიშვნელოვნად ზღუდავს სატელეფონო კომუნიკაციასა და პაემნების რაოდენობას. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
სამოდუროვას ინფორმაციით, აღნიშნულს წინ უძღოდა ინციდენტი ციხის თანამშრომელ „მახოსთან“, რომლის დროსაც გრიბულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კარცერში მოთავსებითა და ახალი საქმის „შეკერვით“ დაემუქრნენ. მისი თქმით, კონფლიქტი თავდაპირველად თანამშრომელსა და სხვა პატიმარს შორის დაიწყო, რის შემდეგაც მუქარა თავად გრიბულზეც გავრცელდა.
ადვოკატი ასევე მიუთითებს, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პენიტენციურმა სისტემამ სხვადასხვა მეთოდს მიმართა გრიბულის მიმართ „რისკის“ გაზრდის მიზნით. მისი შეფასებით, აღნიშნული შეიძლება უკავშირდებოდეს მის მიერ საჩივრების აქტიურ წარდგენას.
ადვოკატის განცხადებით ანალოგიური გარემოებები იკვეთება ანასტასია ზინოვკინას შემთხვევაშიც, რომლის მიმართაც თავისუფლების აღკვეთის ტიპის შეცვლის შესახებ ბრძანება უკვე გასაჩივრებულია სასამართლოში.
ციხის მონიტორინგის თანამშრომელი ამჟამად იკვლევს აღნიშნულ ინციდენტებსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ადვოკატის თქმით, მასთან შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2025 წლის 12 სექტემბერს სასამართლომ მათ 8.5-8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება საქართველოში პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.