ენერგეტიკის სპეციალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ლევან ხმიადაშვილი საპროტესტო მარშების დროს გზის გადაკეტვის საფუძვლით სამართალდამრღვევად ცნეს, თუმცა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მის მიმართ სანქციის სახით მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა. ლევან ხმიადაშვილს ედავებოდნენ 31 იანვარსა და 7 თებერვალს გამართული საპროტესტო მარშების დროს გზის გადაკეტვას.
მისი ადვოკატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სანქციის სახით მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა, თავად სამართალდარღვევის დადგენა დაუსაბუთებელია.
ლევან ხმიადაშვილის განცხადებით, იგი ელოდა ადმინისტრაციულ პატიმრობას, ვინაიდან მსგავს საქმეებში, როგორც წესი, აღნიშნული სანქცია გამოიყენება. მისი თქმით, საპროტესტო მსვლელობა და პარლამენტის წინ მოკლეხნიანი გაჩერება არ უნდა იწვევდეს მრავალჯერად სასამართლო განხილვას და არ უნდა იქცეს მოქალაქეებზე ზეწოლის მექანიზმად.
2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.
აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.