16-03-2026
თბილისი
ტროტუარზე პროტესტის გამო აქტივისტ მეგი დიასამიძეს სასამართლოში იბარებენ

აქტივისტი მეგი დიასამიძე ტროტუარზე პროტესტში მონაწილეობის გამო სასამართლოში დაიბარეს.  შსს მას ედავება ტროტუარზე დგომასა და  გამვლელი მოქალაქეების გადაადგილებაში ხელის შეშლას. დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქალაქო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სასამართლო სხდომა 31 მარტისთვის ჩაინიშნა.

შსს მეგი დიასამიძეს 18 დეკემბერს, დაახლოებით 21:58 საათზე, პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარიძემ, დიასამიძეს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.  სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მეგი დისამიძე 112-ში თავად რეკავს და აცხადებს: „ტროტუარზე დგომის გამო მომისაჯეს ორი დღე. პოლიციის გამოძახება მინდა, მოვიდნენ და გადამიყვანონ, როგორც ხდება…“

მეგი დიასამიძე 23 წლის აქტივისტია, რომელიც 2025 წლის 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალ გზაზე, ლანჩხუთთან ახლოს. გამოძიება მას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ბანერზე წარწერის – „რუსული ოცნება“ – გაკეთებას ედავებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, დაზიანებული ბანერების ღირებულება 380 ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წარწერა თბილისის დასუფთავების სამსახურმა დაახლოებით სამ წუთში წაშალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიასამიძე 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მისი ადვოკატი დაკავების დროს უფლებების დარღვევაზე მიუთითებდა და აცხადებდა, რომ დიასამიძეს დაკავებისას არ განემარტა დაკავების მიზეზი და გარკვეული დროის განმავლობაში არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დიასამიძეს სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Share
16-03-2026
1
ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი