04-02-2026
თბილისი
“ქართული ოცნების” დეპუტატზე დაწერილი პოსტის გამო, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე 4 000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე,  “ქართული ოცნების” დეპუტატნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო  4 000 ლარით დააჯარიმა.

“ნინო წილოსანის ჯიში’ – ამ სტატუსისთვის უჩივლა დეპუტატმა წილოსანმა ნატა ფერაძეს. ნატა ფერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173​-ე მუხლის მე-16 ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ,  რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის უჩივიან და შემდეგ  სასამართლო აჯარიმებს.  27 იანვარს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ ასევე სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა, პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, ზუგდიდში მცხოვრები თაკო გვილია,  Facebook-ზე პოლიციელის შესახებ დაწერილი პოსტის გამო. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2025 წლის ივნისში “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო “ოცნებამ” ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში. ეს ცვლილებები ძირითადად ცილისწამების ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ცილისწამების განმარტება – ზიანის კომპონენტი, რომელიც აქამდე აუცილებელი იყო რომ განცხადება ცილისწამებად შეფასებულიყო, განმარტებიდან ამოიღეს. ამ ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო ექვსი ჟურნალისტი დააჯარიმეს.  “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც ”გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, რომელიც ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ “ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან”.

Share
04-02-2026
1
ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა | ფინანსური სანქციები | ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სასამართლო
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი