სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანზე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶-ე მუხლით). ნატა ფერაძეს ნინო წილოსანისთვის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
173¹⁶-ე მუხლი სახდელის სახით იწვევს ჯარიმას 1500-4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე. გამოცემა “ბათუმელების” ცნობით, დეტექტივის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს მტკიცებულებად ერთვის ნატა ფერაძის ფეისბუქ პოსტის სქრინშოთი, სადაც ის წერს – „ნინო წილოსანის ჯიში”.
შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ასევე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო სამოქალაქო პროტესტის მონაწილე რუსკა მჭედლიძეს უჩივლა “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა პირმა ნინო ჯღარკავამ. იანვრის დასაწყისში კი, ასევე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის აქტივისტ თაკო გვილიას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა უჩივლა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2025 წლის ივნისში “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო “ოცნებამ” ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში. ეს ცვლილებები ძირითადად ცილისწამების ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ცილისწამების განმარტება – ზიანის კომპონენტი, რომელიც აქამდე აუცილებელი იყო რომ განცხადება ცილისწამებად შეფასებულიყო, განმარტებიდან ამოიღეს. ამ ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო ექვსი ჟურნალისტი დააჯარიმეს. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც ”გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, რომელიც ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ “ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.