29-03-2026
თბილისი
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე სამოქალაქო აქტივისტ ნათია გაბრავას ანგარიშები დაუყადაღეს

სამოქალაქო აქტივისტ ნათია გაბრავას განცხადებით, მის მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმის გამო, რომელიც მას სოციალურ ქსელში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანის, ლაშა სალუქვაძის მიმართ გამოქვეყნებული სტატუსის საფუძველზე დაეკისრა.

საქმის მასალების მიხედვით, გაბრავამ სოციალურ ქსელში სალუქვაძე შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენია, რის შემდეგაც თავად სალუქვაძემ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით იქნა განხილული, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. 2025 წლის ნოემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გაბრავას 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ჯარიმის გადაუხდელობის გამო გაბრავას მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო. გაბრავას ინფორმაციით, დაყადაღებული თანხების საერთო ოდენობა 5 350 ლარს შეადგენს. მისივე განცხადებით, დაყადაღებულ თანხებს შორის აღმოჩნდა თანხაც, რომელიც ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის მხარდასაჭერად იყო შეგროვებული.მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჭირო თანხა მოქალაქეების მხარდაჭერით შეგროვდა.

Share
29-03-2026
1
ქალი: 1
ფინანსური სანქციები | ყადაღები, ანგარიშების გაყინვა
სხვა საჯარო უწყებები
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი