პროსამთავრობო მედიასაშუალებებში კომიკოსისა და აქტივისტის, ონისე ოქრიაშვილის, ასევე YouTube-პროექტ „პანჩლაინ თერაპიის“ წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო. კამპანია გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდს მოჰყვა, რომელშიც ოქრიაშვილი ერთ-ერთი თანაწამყვანია ანასტასია ბენდუქიძესთან და ირაკლი ჯაბუასთან ერთად.
თავდაპირველად ტელეკომპანია „იმედმა“ ონისე ოქრიაშვილი „ოპოზიციის აქტივისტად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ მან პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის მისამართით სიძულვილის ენა გამოიყენა. მოგვიანებით მსგავს შინაარსზე სიუჟეტი „რუსთავი 2-მაც“ მოამზადა, სადაც „პანჩლაინ თერაპია“ შეურაცხმყოფელ, დამცინავ და ადამიანის ღირსების შემლახველ რიტორიკაზე აგებულ პოდკასტად წარმოაჩინა.
„რუსთავი 2-ის“ სიუჟეტში ნათქვამია, რომ გადაცემის წამყვანების დამამცირებელი ხუმრობების ადრესატები სასულიერო პირები, გარემოვაჭრეები, ხანდაზმული ადამიანები და ნოდარ დუმბაძე გახდნენ. სიუჟეტში ასევე გაჟღერდა მმართველი გუნდის შეფასებები, თითქოს მსგავსი შინაარსის პოდკასტები სიძულვილის ენის ნორმალიზებას, პოლარიზაციის გაზრდას და „ანტიქართული წესების“ დამკვიდრებას ემსახურება, რასაც, მათი განცხადებით, ფინანსურად „გარე აქტორებიც“ უწყობენ ხელს.
ონისე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, პოდკასტში ნოდარ დუმბაძის მიმართ შეურაცხყოფა არ გაკეთებულა. ოქრიაშვილის თქმით, საუბარი ჰიპოთეტურ კონტექსტში მიმდინარეობდა და ფრაზა მწერლის მიმართ ზიზღის აბსურდულობის საილუსტრაციოდ იყო ნათქვამი.
ოქრიაშვილი კომიკოსია, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად არის ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. ის მონაწილეობს სხვადასხვა სოლიდარობის აქციაში, მათ შორის, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და უკანონო პატიმრობების წინააღმდეგ გამართულ პროტესტებში. მხარდამჭერების შეფასებით, მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია კრიტიკული და საპროტესტო მოძრაობაში აქტიური ადამიანების დისკრედიტაციის კიდევ ერთი მაგალითია.
მხარდამჭერები ასევე მიუთითებენ, რომ პროსამთავრობო არხებმა პოდკასტის ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოაჩინეს და მის საფუძველზე საზოგადოებრივი აგრესიის გაღვივება სცადეს. მათი შეფასებით, კამპანია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ონისე ოქრიაშვილის, არამედ იმ ადამიანების დისკრედიტაციას, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ პოზიციებს საჯაროდ გამოხატავენ.