15-11-2026
თბილისი
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედი“ სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას აგრძელებს

15 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ, უცხოური პოლიტიკური ინტერესების გამტარებელ ქსელად არიან წარმოჩენილი. სიუჟეტში ორგანიზაციებს წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევებზე დუმილში, პოლიტიკურ მიკერძოებასა და ყოფილი ხელისუფლების ინტერესების მომსახურებაში ადანაშაულებენ. სიუჟეტის ცალკეული მონაკვეთები ტელეკომპანია „იმედის“ სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა, დამოუკიდებელი მოკლე ვიდეოკლიპების სახით.

გადაცემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის მოსალოდნელი შეჭრის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ამავე კონტექსტში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმართ კვლავ გაჟღერდა დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მისთვის კაპიტნის წოდების მინიჭების გარემოებებს უკავშირდება.სიუჟეტში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა სასამართლო სისტემის კონტროლის მცდელობადაც არის წარმოდგენილი. “ქართული ოცნების” წარმომადგენელი სოზარ სუბარი ამტკიცებს, რომ ე.წ. ვეტინგის მოთხოვნა ორგანიზაციებმა მას შემდეგ წამოაყენეს, რაც სასამართლო მათ ინტერესებს არ დაექვემდებარა. ამასთან, ე.წ. „კასრების საქმეზე“ საუბრისას სუბარი ვარაუდობს, რომ წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ნაწილი შესაძლოა კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იყოს და მათ სხვადასხვა პირის შანტაჟისთვის დღემდე იყენებდნენ. 

სიუჟეტის საერთო გზავნილი არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებას ემსახურება. მათი საქმიანობა, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვა და სასამართლო რეფორმის ადვოკატირება, წარმოჩენილია არა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვად, არამედ ყოფილი ხელისუფლებისა და უცხოური ძალების პოლიტიკური მიზნების განხორციელების საშუალებად.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის პირველი შემთხვევა. მსგავსი შინაარსის განცხადებები და მასალები არაერთხელ გავრცელებულა როგორც პროსამთავრობო მედიასაშუალებების და „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული სოციალური ქსელის გვერდების, ისე მმართველი პარტიის დეპუტატებისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან.

Share
15-11-2026
1
დაშინება, მუქარა და დისკრედიტაცია→აქტივისტების საჯარო დისკრედიტაცია ან სტიგმატიზაცია (1)
პროსამთავრობო მედია | ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირი
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი