საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, 2024 წლიდან მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და რეპრესიულმა გარემომ მნიშვნელოვნად შეავიწროვა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სივრცე და გავლენა მოახდინა ორგანიზაციის მუშაობაზეც.
საიას ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო ორგანიზაციას დროებით მოუხდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულების შეზღუდვა, მათ შორის დაზიანდა პროგრამები, რომლებიც მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფდა. შედეგად, ათასობით ადამიანი ვეღარ მიიღებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც ორგანიზაცია ყოველდღიური უფასო პირადი, სატელეფონო თუ ონლაინ კონსულტაციებით, დოკუმენტების მომზადებითა და სასამართლოში წარმომადგენლობით უწევდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის პირობებში საია დროებით გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს, პარალელურად აგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგსა და დოკუმენტირებას.