15 აპრილს, სამ სამოქალაქო აქტივისტს – ნათია მეგრელიშვილს, ნათია ართმელაძეს და თამთა ჩხაიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმების გადაუხდელობისთვის, რომელთა შესახებ არცერთ მათგანს შეტყობინება არ ჰქონდა მიღებული. დაყადაღების შესახებ აქტივისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.
თამთა ჩხაიძე სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე და აქციების აქტიური მონაწილეა. მას ჯამში 25 000 ლარის ჯარიმა აქვს. “ბათუმელებთან” იგი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ყადაღა გაასაჩივრა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს 2024 წლის 17 მაისს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით.
“გზის ხელოვნურად გადაკეტვა”, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად ითვლება. 2025 წლის 7 თებერვლიდან „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკისრებული ჯარიმა გაათმაგდა და 5000 ლარი გახდა. ასეთი ჯარიმა პროევროპული პროტესტის მონაწილე ასობით ადამიანს აქვს. ჯარიმების ჯამური ოდენობა რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს. იმ აქტივისტებს, რომელთაც ჯარიმები არ აქვთ გადახდილი, ანგარიშებს უყადაღებენ. ასეთი უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.