კონტექსტი
2024 წლის სექტემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები მიუთითებს სამოქალაქო აქტივიზმთან და კრიტიკული პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებული პირების მიმართ ზეწოლის სხვადასხვა ფორმის გამოყენებაზე. თვის განმავლობაში დაფიქსირდა როგორც ადმინისტრაციული დაკავებებისა და ფინანსური სანქციების, ისე ირიბი ზეწოლის შემთხვევები, რომლებიც შეეხო აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს.
სექტემბერში განსაკუთრებულად გამოიკვეთა ადმინისტრაციული და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება აქტივისტების მიმართ. ამასთან, დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებიც, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ე.წ. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით გამოხატულ კრიტიკულ პოზიციებთან.
ამავე პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების მიმართ განხორციელებულმა სამართლებრივმა და ადმინისტრაციულმა ნაბიჯებმა გააჩინა კითხვები სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ჯამში, სექტემბერში დაფიქსირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ კრიტიკული და საპროტესტო აქტივობის მიმართ ზეწოლის პრაქტიკა სხვადასხვა ფორმით გრძელდებოდა და მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ აქტივისტებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.
ინციდენტები:
2024 წლის 4 სექტემბერს, „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან: სოფელ ნოქალაქევის სკოლის დირექტორი შორენა შამათავა, ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ბრეგვაძე და სოფელ ნამაშევის სკოლის ხელმძღვანელი მინდია გველებიანი. აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სავარაუდო დისკრიმინაციულ მოტივებზე და აღნიშნა, რომ დირექტორების გათავისუფლება შესაძლოა უკავშირდებოდეს მათ მიერ ე.წ. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით გამოხატულ კრიტიკულ პოზიციას.
2024 წლის 9 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა აქტივისტი ლექსო სამხარაძე, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს, მონა ეძახა.
2024 წლის 14 სექტემბერს, პოლიციამ გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი დააკავა. მას სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ბაბაევი გორში ფლობს ბარს. ამ ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამზადისი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად. გადაადგილებისას შექმნილ დისკომფორტს ბაბაევი ღიად აპროტესტებდა და სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებაც იუწყებოდა. 14 სექტემბრის დილით კი სამსახურში მიმავალი ბაბაევი დააკავეს. მან იზოლატორში 48 საათი გაატარა.
2024 წლის 24 სექტემბერს, ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს – ამის შესხებ კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, აქციებზე 500 ლარით დააჯარიმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია. ჩელე ყურუას თანხა არ გადაუხდია, რასაც ანგარიშების დაყადაღება მოჰყვა.
2024 წლის 24 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად გამოაცხადა. ბიურომ მათ, აგრეთვე მათ ხელმძღვანელებს — ეკა გიგაურსა და ხათუნა ლაგაზიძეს, 5 დღის ვადაში ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი ზომების გამოყენებით დაემუქრა.
ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოში გაასაჩივრეს და უკანონოდ მიიჩნიეს, რადგან აღნიშნული სტატუსი მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის გავრცელებასა და საქმიანობის შეზღუდვას გულისხმობდა. შექმნილი კრიზისის ფონზე, 2 ოქტომბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ პრემიერ-მინისტრის მოწოდების საფუძველზე გადაწყვეტილება შეცვალა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორგანიზაციებს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი ოფიციალურად მოუხსნა.