31-08-2025
ბათუმი | თბილისი
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის აგვისტო

კონტექსტი

2025 წლის აგვისტოში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი რეაგირების გამკაცრებაზე მიუთითებს. თვის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დაკავებული მონაწილეების პროცესების განხილვა დასკვნით ფაზაში გადავიდა. მოსამართლეებმა ე.წ “სინდისის პატიმრები” დამნაშავედ სცნეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცალკეულ შემთხვევებში სასამართლომ თავდაპირველი ბრალდებები შედარებით მსუბუქ მუხლებზე გადააკვალიფიცირა. ბრალდებულთა უმეტესობა ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ხოლო ადვოკატების შეფასებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები სანდოობას მოკლებული იყო.

ამავე პერიოდში გაძლიერდა ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზეც – სასამართლოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კრიტიკული და უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის მცდელობად აფასებდნენ.

ჯამში, აგვისტოში დაფიქსირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ საპროტესტო პროცესებთან დაკავშირებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ზეწოლის პრაქტიკა კვლავ ინტენსიურად გრძელდებოდა და ის შეეხებოდა როგორც ინდივიდუალურ აქტივისტებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ინციდენტები

2025 წლის 12 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნაჭყებიამ გიგაურის ბრალდება, რაც „პოლიციელზე თავდასხმას“ ითვალისწინებდა, გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაც პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. გიგაური 2024 წლის 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს – პოლიციელ ვახტანგ გაბუნიასთვის ხელის დარტყმის გამო. გიგაურის დაცვის მხარე ამბობდა, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა ამავე პოლიციელის მხრიდან ძალადობა – სახეში დარტყმა – გიგაურის თქმით, სანამ ის ხელს მოიქნევდა, მანამდე პოლიციელმა თავად დაარტყა ხელი და შესაბამისად ის აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა. 

2025 წლის 12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 9 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებულების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საპროტესტო აქციის მონაწილეების მცდელობას, უნივერსიტეტის შენობაზე ბანერი განეთავსებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესაძლებლობა მათ უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ არ მისცა, რასაც მოგვიანებით მისი მეუღლისა და თანმხლები პირის მიმართ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტს ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კაკაბაძე გადაწყვეტილების გამოცხადების დროისთვის უკვე დაახლოებით 7 თვის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და სასჯელის მოხდის მიზნით პატიმრობაში კიდევ 2 თვის გატარება მოუწევს.

ამავე საქმეზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს, 20 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, თუმცა წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა 18 000 ლარით განისაზღვრა.

სასამართლომ ფინანსური სანქციები დააკისრა ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებს — გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძეს და გიორგი დავითაძეს. თითოეულ მათგანს 17 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა 15 000 ლარამდე შემცირდა.

2025 წლის 15 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპული აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებოდა (სსკ-ის 18-229 მუხლი), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული ნივთები/ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.

2025 წლის 22 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ პროევროპული აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუსელიანცს ედავებოდნენ აქციების დროს პარლამენტთან დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების კაბელების დაზიანებას, რამაც 534 ლარის ზიანი გამოიწვია. არჩილ მუსელიანცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით და სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2025 წლის 27 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”,  ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.

პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება იმ სისხლის სამართლის გამოძიებებს უკავშირდებოდა, რომლებიც ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. უწყება ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული იყო სხვადასხვა დამცავი საშუალების, მათ შორის აირწინაღების, დამცავი სათვალეების, პირბადეების, სახის ნიღბებისა და წიწაკის სპრეის, შეძენა, რომელსაც უწყების მტკიცებით, თითქოსდა „საპროტესტო აქციების მონაწილეები პოლიციასთან დაპირისპირების დროს იყენებდნენ.“

Share
31-08-2025
5
15
კაცი: 8 ორგანიზაცია: 7
თავისუფლების აღკვეთა (4)
ფინანსური სანქციებიყადაღები, ანგარიშების გაყინვა (5) · ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით (4)
პროკურატურა | სასამართლო
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ბათუმი | თბილისი