კონტექსტი
2025 წლის ივლისში დოკუმენტირებული ინციდენტები კვლავ მიუთითებს სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე, ასევე, ფიზიკურ ძალადობაზე. თვის განმავლობაში, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისას დაკავებულ რამდენიმე აქტივისტს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
გარდა სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენებისა, ივლისში დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის 2 შემთხვევა, რომლებიც შეეხო სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულ მუსიკოსებს. ინციდენტები უკავშირდებოდა მათ მონაწილეობას ან ასოცირებას საპროტესტო შინაარსის მქონე კულტურულ გამოხატვებთან, მათ შორის სიმღერა „ოლე ოლას“ შესრულებასთან. აღნიშნულ შემთხვევებში დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ მათზე განხორციელებული თავდასხმები ან მუქარები სწორედ ამ აქტივობას უკავშირდებოდა.
მთლიანობაში, ივლისის ინციდენტები აჩვენებს ტენდენციას, სადაც სამართლებრივი დევნა, თავისუფლების აღკვეთა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები მიემართება იმ პირებს, რომლებიც ან უშუალოდ მონაწილეობენ საპროტესტო აქტებში, ან ასოცირდებიან მათთან დაკავშირებულ კულტურულ და საჯარო გამოხატვასთან.
ინციდენტები:
2025 წლის 3 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი მინდაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე მინდაძეს (გდდ) თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდა.
2025 წლის 6 ივლისს, მუსიკოსს, მსახიობსა და ტელეწამყვანს, ვანო თარხნიშვილს უცნობი პირები საცხოვრებელ კორპუსთან თავს დაესხნენ და დაზიანებები მიაყენეს. მსახიობი თავდასხმას უკავშირებს 2025 წლის იანვარში თბილისის ერთ-ერთ პაბში მის მიერ სიმღერა „ოლე ოლას“ შესრულებას. თარხნიშვილმა ინციდენტის შემდეგ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ მას სახის არეში, თვალთან და ცხვირთან, სისხლნაჟღენთები აღენიშნება.
2025 წლის 8 ივლისს, მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz) არაიდენტიფიცირბეული პირები თავს დაესხნენ. როგორც მუსიკოსი ამბობს, ინციდენტამდე ის 6 თვის განმავლობაში მუქარის შემცველ წერილებს იღებდა. კორძი თავდასხმას საპროტესტო სიმღერა „ოლე ოლას“უკავშირებს, ვინაიდან სიმღერას მუსიკალური გაფორმება ალექსანდრე კორძაიამ გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერის შესრულების გამო თავს დაესხნენ ვანიკო თარხნიშვილსა და დავით გაბუნიას.
2025 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ანრი კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ანრი კვარაცხელიას მოლოტოვის კოქტეილის სროლით გდდ-ის თანამშრომლებისთვის საფრთხის შექმნას ედავებოდა, თუმცა მის საქმეში ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელი არ არსებობდა. კვარაცხელია ბრალს არ აღიარებდა და თვლიდა, რომ მისი საქმე ხელოვნურად „შეკერილი“ იყო.