2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ტროტუარზე პროტესტის გამო სამოქალაქო აქტივისტი სანდრო მირცხულავა სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. მირცხულავას შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
19 თებერვალს გამართულ პროცესზე ნინო ენუქიძემ სანდრო მირცხულავას საქმის განხილვა გადადო და მოტივად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი დაასახელა.
5 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი„სანდრო მირცხულავა საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების კონსტიტუციურობას ასაჩივრებს. თუმცა მოგვიანებით სასამართლომ განხილვის გაგრძელება გადაწყვიტა.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”