რუსეთის მოქალაქე დენის კულანინი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა, მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული.
კულანინის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარეს მისი მდგომარეობისა და ადგილსამყოფლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. ნოზაძის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ კულანინი ქვეყნიდან გააძევონ. ადვოკატი მიუთითებს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას შესაძლოა სერიოზული საფრთხე დაემუქროს, რადგან კულანინი ციხიდან გაგზავნილ წერილებში ღიად უჭერდა მხარს უკრაინას და გმობდა რუსეთის ქმედებებს.
დენის კულანინი 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კულანინი ბრალს აღიარებდა და წინასასამართლო სხდომაზე ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის ბოდიში მოიხადა.
27 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.
30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კულანინი საქართველოს 1 სექტემბერს, დღის 13:00 საათზე დატოვებს და მესამე ქვეყანაში გაემგზავრება. მანამდე ის კიდევ 48 საათს მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში გაატარებს.