22-06-2026
თბილისი
შსს აქტივისტს გიორგი მელითაურს Facebook კომენტარის გამო მეგობრის შეურაცხყოფას ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გიორგი მელითაურს Facebook-ზე დატოვებული კომენტარის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. უწყების შეფასებით, კომენტარით მელითაურმა ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ენუქიძემ უნდა განიხილოს. სხდომა 22 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო განხილვა 30 ივნისამდე გადაიდო.

შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს როგორც გიორგი მელითაური, ისე ლევან ზაზაძე. მელითაურის თქმით, ზაზაძე მისი მეგობარია და ისინი ერთ წელზე მეტია საპროტესტო აქციებში ერთად მონაწილეობენ. ზაზაძე საქმეს აბსურდულად აფასებს და აცხადებს, რომ მის ნაცვლად სახელმწიფოს მიერ „ღირსების დაცვის“ მცდელობა მისთვის მიუღებელია.

საქმე უკავშირდება „მთავარი არხის“ Facebook-პოსტის ქვეშ დატოვებულ კომენტარს, რომელიც 6 ივნისს „შაბათის მარშამდე“ ლევან ზაზაძესა და სამოქალაქო აქტივისტ თამუნა გიორგაძეზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. ზაზაძის განცხადებით, თავდასხმის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ის და თამუნა გიორგაძე ამ დრომდე არ გამოუკითხავთ, მაშინ როცა კომენტარის გამო ადმინისტრაციული წარმოება სწრაფად დაიწყო.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შსს-ში ივნისის დასაწყისიდან ფუნქციონირებს. შსს-ს მონაცემებით, მუშაობის დაწყებიდან ორ კვირაში სამმართველომ სასამართლოს დაახლოებით 60 საქმე წარუდგინა.

Share
22-06-2026
1
1
კაცი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა
სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი