შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გიორგი გოგიას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. უწყების მტკიცებით, გოგიამ ბერა ივანიშვილის შესახებ პოსტის გაზიარებით მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა განიხილა. 19 ივნისს გამართული სხდომა საათზე მეტხანს გაგრძელდა, ხოლო ახსნა-განმარტების ეტაპი 26 ივნისისთვის გადაიდო.
გოგიას ადვოკატი მიხეილ ზაქარეიშვილი მიუთითებს, რომ საქმეში არ არის სათანადოდ დასაბუთებული, როგორ დაადგინა შსს-მ პოსტის ავტორის ვინაობა, ასევე რა მასშტაბის აუდიტორიას მიაღწია პოსტმა. მისი თქმით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მხოლოდ 35 რეაქცია და ერთი კომენტარი აქვს.
შსს-ს იურისტის განცხადებით, ბერა ივანიშვილის სასამართლოში გამოკითხვა საჭირო არ არის, რადგან სავარაუდო შეურაცხყოფა და წვრილმანი ხულიგნობა „შესაბამისმა თანამშრომელმა“ უკვე დააიდენტიფიცირა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან მუშაობს. საჯარო ინფორმაციით, 15 ივნისის მდგომარეობით, სამმართველომ სასამართლოებში დაახლოებით 60 საქმე გადააგზავნა.