19 ივლისს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლები გაზეთების დასარიგებლად ბათუმში მატარებლით გაემგზავრნენ. გამგზავრებამდე მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბათუმისკენ მიმავალი მშობლები გააჩერეს, რადგან თან ჰქონდათ ბანერები და დაკავებული შვილების ფოტოები. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის გამოძახების მიზეზად რკინიგზის ადმინისტრაციამ სწორედ ბანერების არსებობა მიუთითა. ამის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელი დაახლოებით 20 წუთის დაგვიანებით დაიძრა.
„გავემართეთ აჭარაში. მატარებელი გავიდა 20 წუთით გვიან იმის გამო, რომ რკინიგზამ გამოიძახა პატრული – ბანერები მოახსნევინეთო. წარმოუდგენელი სისულელე! ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. შეიძლება მატარებელი შეაჩერონ, მაგრამ სინდისის პატიმრების მშობლებს და ოჯახის წევრებს ვერ შეაჩერებენ!“ – წერს თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, მშობლებს არავის აქვს უფლება, აუკრძალოს დაკავებული შვილის ფოტოს ტარება. „მატარებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტია და ყველას აქვს გადაადგილების უფლება,“ – განაცხადა ჭალიძემ, რომელიც მშობლებთან ერთად მატარებელში იმყოფებოდა.
მოგვიანებით, „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მშობლები საინფორმაციო შეხვედრას მართავდნენ, რამდენიმე პირი მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა. ამ დროს მშობლები მოქალაქეებს საინფორმაციო გაზეთებს ურიგებდნენ და დაკავებულთა საქმეებზე ესაუბრებოდნენ