თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გიგა მაქარაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, სიტყვიერ შეურაცხყოფას შეიცავდა.
საქმის მასალებში წარმოდგენილია მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის, კორნელი კირცხალიას მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ოქმის მიხედვით, „2026 წლის 3 აპრილს მოქ. გიორგი მაქარაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკის საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს“.
სასამართლომ მაქარაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მის მიმართ სანქციის სახით 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა.