პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, ზუგდიდში მცხოვრები თაკო გვილია, Facebook-ზე პოლიციელის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ გადაწყვტილება 27 იანვარს მიიღო.
2026 წლის 14 იანვარს თაკო გვილიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩაბარდა სამართალდარღვევის ოქმი (ა.ს.კ 173-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რომელშიც ეწერა, რომ გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც პოლიციელ ნიკოლოზ თორდიას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა „უშვერი“ სიტყვებით – „ფარჩაკი ზუგდიდელი მილიციელი“. პოლიციელი თორდია პატაკში წერდა, რომ ეს სიტყვები მისი ღირსებისთვის და პროფესიული საქმიანობისთვის არის „უკიდურესად შეურაცხმყოფელი
თაკო გვალია პირველი აქტივისტი არაა, ვისაც ნიკოლოზ თორდიამ უჩივლა. ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 2025 წლის დეკემბერში ასევე უჩივლა პარტია “დროას” წევრს მარიამ სიჭინავასაც. პოლიციელი სიჭინავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მეგრულ სიტყვას “ლოდოს” (მოსულელო) ედავებოდა. მარიამ სიჭინავა მაშინ 3000 ლარით დააჯარიმეს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2025 წლის ივნისში “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო “ოცნებამ” ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში. ეს ცვლილებები ძირითადად ცილისწამების ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ცილისწამების განმარტება – ზიანის კომპონენტი, რომელიც აქამდე აუცილებელი იყო რომ განცხადება ცილისწამებად შეფასებულიყო, განმარტებიდან ამოიღეს. ამ ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო ექვსი ჟურნალისტი დააჯარიმეს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც ”გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, რომელიც ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ “ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.