26-07-2026
თბილისი
თბილისის საკრებულოსთან ბანერის გამო 10 მოქალაქე დააკავეს

26 ივლისს, თბილისის საკრებულოს შენობასთან პოლიციამ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა. დაკავების მიზეზი გახდა მის მიერ გაშლილი საპროტესტო ბანერი წარწერით: „ბიძინა ყ***? კი — არა“. თოშხუას დაკავების კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება საკრებულოსთან მდგომ თორნიკე თოშხუას რამდენიმე პოლიციელი, რის შემდეგაც მას პოლიციის ავტომობილში სვამენ და ადგილიდან მიჰყავთ.

თოშხუას დაკავების შემდეგ, მის მხარდასაჭერად მოქალაქეები მალევე შეიკრიბნენ საკრებულოს შენობასთან და იმავე შინაარსის ბანერები გაშალეს. პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დამატებით დააკავეს 9 მოქალაქე, მათ შორის: ია მელითაური, ლაშა დგებუაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ვასო ბერიძე, სანდრო სეხნიაშვილი, მარინე ნანავა, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარიძე და ნატო ბოლქვაძე.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს დაკავების დროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ სანდრო სეხნიაშვილს სახეში ხელს პოლიციის მაღალჩინოსანი დავით მამაგეიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. შსს-ს ცნობით, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯამში 10 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, მათ „საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები“ ეჭირათ, შეურაცხმყოფელ ფრაზებს გამოთქვამდნენ, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდნენ. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” განცხადება გაავრცელა და შსს-ს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის შეფასებით, თორნიკე თოშხუა და მის მხარდასაჭერად მისული მოქალაქეები მშვიდობიანი შეკრებისა და პოლიტიკური გამოხატვის უფლებით სარგებლობისას დააკავეს. საია მიუთითებს, რომ გავრცელებულ კადრებში დემონსტრანტების მხრიდან ძალადობა ან საზოგადოებრივი წესრიგის ისეთი დარღვევა არ ჩანს, რაც მათ დაკავებას ან პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას გაამართლებდა. ორგანიზაციის განცხადებით, პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ დემონსტრანტისთვის სახეში ხელის გარტყმა არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს აღწევს და შესაძლოა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

თორნიკე თოშხუა მანამდე, მინდია შერვაშიძესთან ერთად, 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად ძალადობას ედავებოდნენ. სასამართლომ ორივე მათგანს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თოშხუამ პატიმრობაში დაახლოებით ერთი წელი გაატარა.

Share
26-07-2026
1
10
კაცი: 6 ქალი: 4
დაკავებაადმინისტრაციული სამართლის დაკავება (10)
შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
პროტესტის ჩახშობა
თბილისი