თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი სავანელს ტროტუარზე დგომის გამო 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
8 მაისს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სავანელის ადვოკატი აიჰან ჰასანლი წერდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეში ერთადერთი „მტკიცებულება“ უკანონოდ აქვს მოპოვებული. ადვოკატის შეფასებით, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ ეხება და კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უკავშირდება. მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე მსჯელობა ძირითადად ერთგვერდიან „დათვალიერების ოქმსა“ და „პატაკს“ შეეხებოდა. ადვოკატის განცხადებით, როდესაც მოქალაქეს ტროტუარზე დგომის, შეკრებაში მონაწილეობისა და საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვის გამო ასამართლებენ, საქმე მხოლოდ ადმინისტრაციულ ოქმს აღარ ეხება და თავისუფლების საკითხს უკავშირდება.იმავე დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ პარტია „დროას“ წევრს, თათა ფერაძესაც ტროტუარზე გამვლელთა შეფერხებისა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თათა ფერაძე სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. ის გადაწყვეტილების აღსრულებას პარტიის ოფისში ელოდებოდა, საიდანაც მოგვიანებით დააკავეს.