თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, 29 მაისს, 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 61 წლის აქტივისტს, ზურაბ მენთეშაშვილს, გზის გადაკეტვის საქმეზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ვინაიდან მენთეშაშვილი გასული წლის 1 ნოემბრიდან იმყოფება პატიმრობაში, ის ციხეს 1 აგვისტოს, ანუ 2 თვეში დატოვებს.
ზურაბ მენთეშაშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქუჩის გადაკეტვის გამო 31 ოქტომბერს დააკავეს. რადგან იგი მანამდე ამავე მიზეზით ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული, მის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ის პირველი ადამიანია, ვის წინააღმდეგაც, გზის გადაკეტვის გამო, საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა. მას შეეხო „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი, რომლის თანახმად, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება, განმეორების შემთხვევაში, კი, 1-წლამდე პატიმრობით.