24-02-2026
თბილისი
საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით კიდევ ორი აქტივისტი ცნეს სამართალდამრღვევად

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, კიდევ ორი სამოქალაქო აქტივისტი ცნო სამართალდამრღვევად საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით. მათგანს ერთს – ზურა პაპიაშვილს ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდა, მეორეს – თამო გოგოლიძეს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 

ზურა პაპიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 31 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “შაბათის მარშზე”, საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა. თამო გოგოლიძეს კი,  ასევე  “შაბათის მარშზე” საავტომობილო გზის გადაკეტვას – 2026 წლის 7 თებერვალს.

საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ასამართლებენ აქციის მონაწილეებს.  აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე “დანაშაულის” განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

Share
24-02-2026
2
კაცი: 1 ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა | ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დაკავება | სიტყვიერი შენიშვნა
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი