სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ტროტუარზე დგომის საქმეზე მოსამართლე ნინო ენუქიძემ მისი საქმის ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და შსს-ს დაუბრუნა წარდგინებით, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
საქმის სისხლის სამართლის მიმართულებით გაგრძელება დაკავშირებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნის განმეორებითი დარღვევა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
ცეცხლაძის თქმით, პოლიციამ ოქმი 2026 წლის 9 თებერვალს შეადგინა. ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე. ეს მუხლი რამდენიმე სახის სამართალდარღვევას აერთიანებს, მათ შორისაა: სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა; დაბრკოლებების შექმნა ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა. სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული მუხლების საფუძველზე სახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა [განმეორებით] – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.