“ქართული ოცნების” პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

2026 წლის 12 იანვარს ერთი წელი შესრულდება დამოუკიდებელი გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. მზია ამაღლობელი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი პოლიტიკური პატიმარი ჟურნალისტი ქალია საქართველოში. იგი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად დააპატიმრეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს დამხმარე სათავსოს კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისათვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. ეს სტიკერი პოლიციელებმა გაკვრისთანავე მოხსნეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის – ირაკლი დგებუაძისთვის – სილის გაწვნისთვის.

ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელი, დაკავებისთანავე, პარტია “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე გახდა. ქვემოთ მოცემულია “ქართული ოცნების” მიერ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გავრცელებული გზავნილები, რომლებიც “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” გააანალიზა. “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებები და განცხადებები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მოძიებულია შემდეგი ონლაინ მედიასაშუალებებიდან: Netgazeti.ge Publika.ge, On.ge, Tabula.ge, ipn.ge, 1TV.GE, “რეზონანსი”, Imedinews.ge და Ambebi.ge. მონაცემები შეგროვდა საძიებო სისტემებისა და თეგების გამოყენებით. სულ შეგროვდა და გაანალიზდა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული 38 განცხადება.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ: “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მაშინდელი აღმასრულებელი მდივანი, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე. მათ გარდა, პერიოდულად, განცხადებებს აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის წევრები – ნინო წილოსანი, დავით მათიკაშვილი და სოზარ სუბარი.

“ქართული ოცნების” პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ რამდენიმე ძირითად გზავნილს ეყრდნობოდა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე განცხადებაში ერთდროულად იკვეთებოდა:

● მზია ამაღლობელი არის დამნაშავე
● მზია ამაღლობელი არის [ოპოზიციური] პარტიული აქტივისტი
● მზია ამაღლობელი არის უცხოეთის აგენტი, დასავლეთის დაკვეთის შემსრულებელი
● მზია ამაღლობელი არის მოძალადე

გარდა ამისა, “ქართული ოცნების” ზოგიერთმა წარმომადგენელმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია თითქოსდა მზია ამაღლობელი პოლიციელებს სტიკერს აკრავდა ზურგზე, ან/და მზია ამაღლობელმა შეაფურთხა პოლიციელს.

გზავნილები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

● „მზია ამაღლობელი არის დამნაშავე“

„ქართული ოცნების“ ლიდერები დაკავებისთანავე მზია ამაღლობელს საჯაროდ მოიხსენიებდნენ დამნაშავედ. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ მისი ქმედება ყველას თვალწინ, პირდაპირ ეთერში მოხდა და ამას წარმოაჩენდნენ როგორც „მტკიცებულებას“.

13 იანვარს მზია ამღლობელის დაკავებიდან მეორე დღესვე, „ქართული ოცნების“ ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, შემთხვევას „უმარტივესი ქეისი“ უწოდა, სადაც „პოლიციელს პირდაპირ ეთერში ურტყამს ხელს ქალბატონი“. მან დასვა “რიტორიკული” კითხვა – „როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში პოლიციელს ურტყამს ხელს, უნდა დაისაჯოს თუ არა?“ და თავადვე უპასუხა: „კი… მაშინ ის ადამიანი დაკავებულია კანონიერად – დამთავრდა!“ ამგვარად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დაკავებისთანავე, მზია ამაღლობელი წინასწარ გამოაცხადა დამნაშავედ. 15 იანვარს ასევე მდინარაძემ „მარაზმი“ უწოდა ნებისმიერ მცდელობას, ეჭვქვეშ დაეყენებინათ ეს შემთხვევა. მან თქვა, რომ მიუღებელია „ნანახის საწინააღმდეგოდ“ საუბარი, რადგან: „მზია ამაღლობელის მიმართ პირდაპირ ეთერში მტკიცებულება შექმნა თავად მზია ამაღლობელმა”. 7 მაისს კი კიდევ ერთხელ გაიმეორა: „მზია ამაღლობელი არის სავარაუდო დამნაშავე, რაც საბოლოოდ, განაჩენით დადასტურდება”. 30 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა – “…კამერების წინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული…“

მზია ამაღლობელის დაკავებიდან მალევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რიტორიკაში გაჩნდა სიტყვა – სინანული/მონანიება. ისინი აცხადებდნენ, რომ მზია ამაღლობელისგან ელოდნენ სინანულის გამოხატვას და შეცდომის აღიარებას ჩადენილი საქციელისთვის, რითაც თითქოს ირიბად მიანიშნებდნენ, რომ ამაღლობელის მკაცრი დასჯა დანაშაულის მოუნანიებლობით იყო გამართლებული.

“არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან”, – განაცხადა 29 იანვარს ირაკლი კობახიძემ. 8 თებერვალს მან კვლავ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ „პოლიციელს გაარტყეს სახეში ხელი და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით”. „მე არ მახსოვს, არავის მოუსმენია ამდენი ხნის განმავლობაში თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“, – განაცხადა 29 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ ამაღლობელის საქციელი „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად“ მოიხსენია. „საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ყოველთვის ექნება სათანადო რეაგირება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე“, – განაცხადა მან.

● „მზია ამაღლობელი არის პარტიული აქტივისტი“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობდნენ მზია ამაღლობელი ასევე წარმოეჩინათ როგორც პარტიული აქტივისტი. ამ გზავნილის გავრცელებაში განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე გამოირჩეოდა.

„სინამდვილეში, ეს ადამიანი არის არა ჟურნალისტი, არამედ პარტიული აქტივისტი“, – განაცხადა 15 იანვარს ირაკლი კობახიძემ. იგივე გაიმეორა 29 იანვარს, ერთ-ერთ ინტერვიუში. მან ასევე გაავრცელა დეზინფორმაციაც, თითქოს მზია ამაღლობელმა სტიკერი პოლიციელს მიაკრა და თქვა, რომ იგი „პარტიული აქტივისტის“ როლში მოქმედებდა. კვლავ ეს გზავნილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს უკვე 21 ოქტომბერს, როდესაც ჟურნალისტის კითხვის პასუხად ამბობდა, რომ საქართველოში არცერთი ჟურნალისტი არ არის დაპატიმრებული და „მხოლოდ პარტაქტივისტები არიან დაჭერილი“. მან მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტიკური პატიმრები „კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტაქტივის“ ნაწილად მოიხსენია და აღნიშნა, რომ როგორც პარტიული აქტივისტები, ისე არიან დაკავებული.

● „მზია ამაღლობელი არის უცხოეთის აგენტი, დასავლეთის დაკვეთის შემსრულებელი“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მზია ამაღლობელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებდნენ უცხოელ აქტორებს და აცხადებდნენ, რომ იგი იყო „დასავლეთიდან მართული“, რომ მისი ქმედებები უცხოელი „კურატორების“ დავალებით ხდებოდა და ქვეყნის ინსტიტუტების დასუსტებას ემსახურებოდა. ეს გზავნილი ყველაზე ხშირად „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ ჟღერდებოდა.


“გაოგნებული ვარ, ევროკავშირის ელჩის განცხადებებით ამ დღეების განმავლობაში, გუშინაც ჰქონდა განცხადება, რაც იყო პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს თავისი თავის დაზიანება გაეგრძელებინა”, განაცხადა 18 თებერვალს შალვა პაპუაშვილმა. ამის შემდეგ არაერთხელ გაიმეორა იგივე, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესების პერიოდში, როდესაც ხედავდა, ამ პროცესებისადმი დიპლომატიური კორპუსის მაღალ ინტერესს. “ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი დატვირთვა, რაც მათ [დიპლომატიური კორპუსის] ყოფნას სასამართლო დარბაზში აქვს, ეს არის ზეწოლა მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება”, – განაცხადა მან 7 მარტს. უფრო მეტიც, ერთ-ერთ კომენტარში პაპუაშვილმა ელჩები პირდაპირ დაადანაშაულა ამაღლობელის ვითომდა წახალისებაში. “მზია ამაღლობელი ან მისი გულშემატკივრები თუ სადმე ეძებენ დამნაშავეებს, თუ რატომ არის ასეთი სასჯელი, ეს დამნაშავეები ისხდნენ იმ დარბაზში ელჩების სახით”, – აღნიშნა მან 8 აგვისტოს.

„გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა…“, – განაცხადა 3 თებერვალს მამუკა მდინარაძემ. „უცხოელი აგენტებისა და მათი პატრონების გარდა არავინ აპროტესტებს ამაღლობელის შემთხვევას”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ 20 მარტს. მან განაცხადა, რომ აგენტების მთავარი მიზანი საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების „დასუსტება, დაკნინება და ჩამოშლა“ იყო. მსგავსი გზავნილები – უცხოეთის ინტერესით მოქმედება, დაკვეთის შესრულება და აგენტურული საქმიანობა – კობახიძემ შემდეგაც არაერთხელ გაავრცელა (მაგ. 16 აპრილს,10 ივლისს).

„ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლები ცდილობდნენ დისკრედიტაცია მოეხდინათ იმ საერთაშორისო მხარდაჭერისა, რომელიც ჟურნალისტმა დაპატიმრებისთანავე მიიღო. მაგალითად, 19 ივნისს პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, „სიგიჟეებით არის გაჯერებული“. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო პრესის ინსტიტუტმა (IPI) ამაღლობელი „მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირად“ დაასახელა, „ქართულმა ოცნებამ“ 10 ოქტომბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და კონსპირაციულ თეორიას დაუკავშირა, რომლის თანახმადაც ე.წ. დიპ სტეიტი უხეშად ლახავს სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებს. განცხადების თანახმად, „ამაღლობელის გმირად გამოცხადება არა მხოლოდ მისი წახალისებაა, არამედ სიგნალია აგენტებისთვის, რომ გმირების რიგებში ჩაეწერება ყველა, ვინც განუხრელად შეასრულებს ‘დიპ სტეიტის’ დავალებებს“.


23 ოქტომბერს, ევროპარლამენტის მიერ მზია ამაღლობელისთვის “სახაროვის პრემიის” მინიჭებამ კიდევ უფრო გაამწვავა „ქართული ოცნების“ რიტორიკა – შალვა პაპუაშვილმა პრემიის მინიჭებას „წამქეზებლობა“ უწოდა, ხოლო ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამაღლობელმა „შეასრულა დავალება“ და რომ მისი დაჯილდოება სხვა არაფერია თუ არა „რადიკალიზმისა, კრიმინალის წახალისება“.

● “მზია ამაღლობელი არის მოძალადე“


„ქართული ოცნების“ პროპაგანდაში მზია ამაღლობელი და ასევე მისი მხარდამჭერები ხშირად „მოძალადეებად“ ან/და „ძალადობის წამქეზებლებად“ იყვნენ წარმოჩენილი. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ამაღლობელის ქმედება იყო „ძალადობრივი აქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

29 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაღლობელის პატიმრობაზე „პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ კვირებისა და თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას“. კობახიძემ, მათ შორის, ახსენა ოპოზიციის ლიდერები და უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები, რომლებმაც, მისი თქმით, „წაახალისეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ“.

20 მაისს, შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საქართველოში გერმანიის ელჩი მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. საქმე ეხება ელჩის მხრიდან “თავისუფლება მზიას” ბანერის ფონზე ჩაწერილ ინტერვიუს. „ამით მან მკაფიოდ გადასცა თავისი განწყობა იმ მოსამართლეს, რომლის პროცესსაც, მისივე განცხადებით, აკვირდებოდა. იმ ფონზე, რომ ელჩმა ქართული არ იცის და დარბაზშიც არავინ უთარგმნიდა, ცხადია, რომ ამ “დაკვირვების” მიზანი არა პროცესის მსვლელობის დეტალების გაგება იყო, არამდე მოსამართლისთვის განწყობის ჩვენება, რომ მას “დიდი ძმა” აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის”, – წერს პაპუაშვილი პოსტში.

10 ივლისს შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას მზია ამაღლობელზე დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი, რომელიც გმობს ძალადობას, „თავად აფინანსებს მოძალადეებს“. ოქტომბერშიც – მზია ამაღლობელისთვის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემის შემდეგ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამით დასავლეთი „მოძალადეებს გმირებად წარმოაჩენს“.

ცრუ ბრალდებები პოლიციელისთვის სტიკერის მიკვრისა და შეფურთხების გამოგონილ ფაქტებზე

„ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენელი ავრცელებდა დეზინფორმაციას “პოლიციელისთვის სტიკერის მიკვრის ინციდენტთან“ დაკავშირებით, რომელსაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

29 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი „პოლიციელებს სტიკერებს აკრავდა ზურგზე“. იგივე გაიმეორა პირველ თებერვალს დავით მათიკაშვილმა: “საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ქალბატონმა ჯერ სცადა პოლიციელებზე პირდაპირ სტიკერების მიკვრა”, ხოლო 3 თებერვალს მამუკა მდინარაძემ, რომელმაც დაამატა: “ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას”. „ჩვენ ვნახეთ, როდესაც დააკრა სტიკერი პოლიციელს ზურგზე, არ მგონია ეს იყო ნორმალური საქციელი“, – განაცხადა 12 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა.

კიდევ ერთი მცდარი ბრალდება, რომელიც ამაღლობელის წინააღმდეგ გავრცელდა უკავშირდებოდა მისი მიერ პოლიციელისთვის შეფურთხებას. 23 ოქტომბერს დეპუტატმა ნინო წილოსანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელმა „შეაფურთხა პოლიციელს“, რათა პროტესტი “ქაოსსა და ექსტრემიზმში” გადაზრდილიყო.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა შეფასებებმა ცხადყო რომ „ქართული ოცნება“ პროპაგანდის მეშვეობით მზია ამაღლობელის დემონიზებას და დისკრედიტაციას ცდილობდა, რაც ჟურნალისტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და მანიპულირებას ისახავდა მიზნად.. აღნიშნული კი წარმოაჩენს პარტიის პოლიტიკას პრესის თავისუფლების და ზოგადად დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. მათი დამოკიდებულებები და ქმედებები პირდაპირ მიესადაგება ავტოკრატიის ლოგიკას, სადაც პოლიტიკური ლიდერები ნაცვლად ანგარიშვალდებულებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით ხელმძღვანელობისა, საზოგადოების მანიპულირებას მიმართავენ და დამოუკიდებელი მედიას ზღუდავენ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.

იხილეთ დოკუმენტი

უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: 600 თავდასხმა მედიის წინააღმდეგ ერთ წელიწადში

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა  კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. მონაცემები „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ (CMIS) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” (RSF) პარტნიორობით გამოქვეყნდა. RSF გმობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ავტორიტარული უკუსვლა.

შაბათს, 22 ნოემბერს, საღამოს, “TV პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას გაუჩინარდა; რამდენიმე საათში პოლიციამ დაადასტურა მისი დაკავება. ადვოკატი არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებდა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში ბორკილებით, უკან შეკრული ხელებით ჰყავდათ, არ დაარეკინეს ადვოკატთან, გარდა ამისა, გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნები გააკეთებინეს. ასევე, პირველივე საათებში მას  ჩამოერთვა ადვოკატთან დაკავშირების უფლება. ორი კვირით ადრე, პოლიციამ ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, იქამდე კი პლატფორმა Mediachecker.ge-ს რეპორტიორი, ნინია კაკაბაძე დააკავა პროტესტის გაშუქების შემდეგ. ეს დაკავებები ასახავს იმას, თუ როგორ იქცა საქართველო ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ყოველთვიურად თითქმის 50 ინციდენტი ფიქსირდება.

2024 წლის 28 ნოემბერს, პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ – მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა. 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე –  რა დროსაც, “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო დარღვევების ფონზე, სადავო გამარჯვება მოიპოვა – მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, არამართლზომიერი ჯარიმები, დაკავებები,  მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება და სხვა. დარღვევების მზარდი მაჩვენებელი პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო ზრდასა და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების დისტანცირებას ევროპული დემოკრატიული სტანდარტებისგან.

„საქართველოს ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს  დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტოს ფიზიკური ძალადობა, მუქარა და სამართლებრივი დევნა, გამოიძიოს დანაშაულები და დაუყოვნებლივ აღადგინოს შეჩერებული აკრედიტაციები. საქართველოს არ შეუძლია დამაჯერებლად განაცხადოს, რომ ის ევროკავშირს უახლოვდება, მაშინ როცა ფეხქვეშ თელავს პრესის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და პლურალიზმს,“

ჟან კაველიე, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი.

ძალადობის ეპიცენტრი – თბილისი

დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება, თუმცა შემთხვევების ორ მესამედზე მეტი საქართველოს დედაქალაქზე – თბილისზე – მოდის, რაც განპირობებულია აქ დაწესებულებების, ასევე რედაქციებისა და ყოველდღიური დემონსტრაციების კონცენტრაციით, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდება რეპრესიები. 2024 წლის 28 ნოემბერის საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ათობით ჟურნალისტი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა – ზოგიერთის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი ზომები იქნა მიღებული – არ დასჯილან დამნაშავეები; ამ დროს დაფიქსირებული ძალადობრივი ინციდენტების საერთო რაოდენობამ 127-ს მიაღწია.

ხელისუფლება სულ უფრო ხშირად აიგივებს ჟურნალისტებს მომიტინგეებთან და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოქმედ კანონებს ისე იყენებს, რომ შეზღუდოს ჟურნალისტების საქმიანობა და  ხელი შეუშალოს მათ პროტესტის გაშუქებისას. ქართულმა მედიასაშუალებებმა დაგმეს ჟურნალისტების წინააღმდეგ „გზის გადაკეტვისთვის“ ჯარიმების სისტემატური გამოყენება, როცა ისინი პროტესტის ადგილებზე მხოლოდ გაშუქების მიზნით იმყოფებოდნენ. რამდენიმე შემთხვევაში, სამართალდამცავებმა ასევე გამოიყენეს ახლად გამკაცრებული ნორმა,  „პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ შესახებ, რათა ჟურნალისტები პროტესტის ადგილებიდან გაეძევებინათ – რაც უძლურების განცდას ქმნის. დარღვევებზე პასუხისმგებლები, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ სამართალდამცველები არიან.

ტელეარხები სამიზნეები, მედიაორგანიზაციები შევიწროებულები, ჟურნალისტები სამართლებრივი დევნის მსხვერპლები

ტელევიზიების მიმართ განხორციელებული ძალადობა განსაკუთრებით მაღალია და არსებულ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი. თვალშისაცემია “TV პირველის” წინააღმდეგ არსებული ინციდენტები, რომლის გადამღებ ჯგუფებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 80-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს. საპროტესტო აქციებზე გადამღებ ჯგუფებს პოლიცია ხშირად ხელს უშლიდა, ზღუდავდა მათ შესაძლებლობას კამერები ჩართულიყო ან განეთავსებინათ ისინი შემაღლებულ ადგილებში, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა პოლიციის მოქმედებების დაფიქსირება.

ონლაინ მედიასაშუალებები – „პუბლიკა“, რომელიც საზოგადოებრივი და პოლიტიკური საკითხების გაშუქებაზეა  ორიენტირებული, და “ბათუმელები” – რომლის თანადამფუძნებელიც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რეპრესიების ყველაზე ხშირ სამიზნეებს შორის არიან. ფისკალური და ადმინისტრაციული შემოწმებები, პოლიციის ზეწოლა ჟურნალისტებზე და ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიები… – “ბათუმელები”, რომლის რედაქციაც ბათუმში მდებარეობს,  შავი ზღვის სანაპიროზე, განიცდის განსაკუთრებულ ზეწოლას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. მზია ამაღლობელი კვლავ უკანონოდ არის დაკავებული უსამართლო სასამართლო პროცესის შედეგად, ხოლო მისი ორწლიანი სასჯელის გასაჩივრება, 2025 წლის 18 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს კი შიშს იწვევს მედიის წარმომადგენლებს შორის, მათ მიმართ სამართლებრივი დევნის მზარდი გამოყენების გამო.

დღეს უცხოელი ჟურნალისტებიც სამიზნენი არიან. ფრანგ-გერმანელმა ფრილანსერმა რეპორტიორმა, მაქსიმ ჰანაკმა, „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ განუცხადა, რომ ბოლო დროს პოლიცია მას ავიწროებდა, უთვალთვალებდა და ხელს უშლიდა გადაღებაში – ახალი ფენომენი, რომელიც დაშინების ტაქტიკის მზარდ გავრცელებაზე მიუთითებს. გახშირდა  უცხოელი რეპორტიორებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვები, რაც დემოკრატიული რეგრესის დოკუმენტირებას უშლის ხელს.

მედიის მიზანმიმართული მოგუდვა

მმართველმა პარტიამ  – „ქართულმა ოცნებამ“ – ბოლო ერთი წლის განმავლობაში დააჩქარა პრესის თავისუფლების შემზღუდავი კანონების მიღება, რომლებიც დიდწილად რუსეთში გამოყენებული პრაქტიკით არის შთაგონებული. 2025 წლის გაზაფხულიდან „უცხოელი აგენტების“ კანონის ახალი ვერსია, ასევე გრანტებისა  და მაუწყებლობის შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს კიდევ უფრო ზრდის მათი სამართლებრივი დევნის საფრთხეს. ანტიკორუფციულმა ბიურომ რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებით დაიწყო გამოძიება მინიმუმ ექვსი დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ. კერძო კომპანიები თავს იკავებენ მედიასთან თანამშრომლობისა და რეკლამის შეძენისაგან, შესაძლო ზეწოლის საფრთხის გამო. „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (GPB), რომელიც აქამდეც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო, მმართველი პარტიის რუპორად იქცა, დევნის იმ ჟურნალისტებს რომლებიც, მათი აზრით, არ ეთანხმებიან მაუწყებლის ღირებულებებს. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დამოუკიდებლობის ნაკლებობის და მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის შესახებ ევროკომისიამ აღნიშნა გაფართოების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ამ სტრატეგიის ცენტრში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია – რომელიც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ ცოტა ხნის წინ, 2025 წლის პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში დასახელდა; ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ხასიათის განსაზღვრასა და დაუსჯელობის კლიმატის დამკვიფრებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, არსებული პრობლემების დაკნინება, “რეპორტიორები საზღვრების გარეშეს” დიკრედიტაციითა და  ორგანიზაციის „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტად მოხსენიებით სცადა. დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ეს თავდასხმა რეპრესიების უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია. საქართველო „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში ორ წელიწადში 36 პოზიციით დაქვეითდა და 180 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან 114-ე ადგილი დაიკავა.

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, მუქარისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები 4 ოქტომბრის არჩევნებზე

2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე (რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს) მედიის წარმომადგენლების მიმართ მუშაობის ხელშეშლის, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.


საჯაროდ გავრცელებული ინციდენტები:

  • ვერბალური თავდასხმა ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უზრდელები უწოდა. შემთხვევა თბილისში,  64-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. კახა კალაძე, ხმის მიცემის შემდეგ, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობაზე საუბრობდა. “ფორმულას” ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რაში გამოიხატებოდა ეს, რაზეც მან უპასუხა – “ რაღაც ზრდილობა ხომ არსებობს, ეთიკა ხომ არსებობს, მესმის, რომ არც ერთი გაგაჩნიათ, არც მეორე”.

“ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, “TV პირველის” ჟურნალისტს ინა ცარციძეს “მატყუარა” და “მატყუარა ტელევიზიის” წარმომადგენელი უწოდა. “თქვენ, თქვენი პატრონები ატყუებთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმურები”, – ასე უპასუხა ყაველაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მიეღო მისგან პასუხი, დაუკავშირდა თუ არა მას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

“ქართული ოცნების” ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში, მე-11 საარჩევნო უბანზე “TV პირველისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს “საცოდავები” და “მთავარი ფეიკერები” უწოდა. მისი პასუხი მოჰყვა ჟურნალისტების შეკითხვებს, ხომ არ ელოდება თავადაც დაკავებას, მას შემდეგ, რაც მისი გარემოცვიდან ყველას აკავებენ. 

  • მუშაობაში ხელშეშლა 

ბათუმში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, “TV პირველის” ჟურნალისტს, ნატო გოგელიას “ქართული ოცნების” აგიტატორები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მათ ჯერ კამერაზე ხელის აფარებით გადაღებაში ხელშეშლა სცადეს, შემდეგ ჟურნალისტს შეაგინეს. მათი გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის მცდელობას, გაერკვია, რატომ იდგნენ საარჩევნო უბანთან სიებით და რატომ აღრიცხავდნენ ამომრჩეველს. 

ახალციხის N6 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გამოცემა  „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს ნუკა სტეფნაძეს უბანზე გადაღება შეუზღუდა. მან ჟურნალისტს განუცხადა, რომ მხოლოდ 10 წუთი შეეძლო გადაღება. გამოცემის ცნობით, კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ მას შემდეგ მისცა ჟურნალისტს მუშაობის გაგრძელების საშუალება, რაც მას საოლქო კომისიიდან დაუკავშირდნენ და წესები განუმარტეს.

მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელშეშლის, ძალადობისა და ტექნიკის დაზიანების შემთხვევები 4 ოქტომბრის აქციაზე

2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის, მათთვის მუშაობაში ხელშეშლისა და ტექნიკის დაზიანების არაერთი შემთხვევა. ამ აქციაზე პირველად, ონლაინ მედიის ნაწილმა , სავარაუდოდ, ხელოვნურად შექმნილი შეფერხების გამო, ვერ შეძლო საჰაერო გადაღების კამერებით მუშაობა.  

საჯაროდ გავრცელებული შემთხვევები:

  • ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა / ტელეფონის ჩამორთმევის მცდელობ

“სტუდია მონიტორის” ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძისთვის, კრიმინალური პოლიციის ორმა თანამშრომელმა მუშაობაში ხელშეშლა და ტელეფონის წართმევა სცადა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ცდილობდა მოქალაქეების დაკავების კადრები გადაეღო. “ორბელიანის მოედანთან სპეცრაზმი გაეკიდა ორ მოქალაქეს დასაჭერად, მათგან ერთ-ერთი ირაკლი წულაიაა. “ვიღებდი კადრებს და კრიმპოლის ორი თანამშრომელი მომვარდა ღრიალით, ხელზე მეჯაჯგურებოდნენ და ცდილობდნენ წაერთმიათ ტელეფონი,” –  წერს თუთბერიძე პოსტში

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის  ოპერატორს, სავარაუდოდ დამიზნებით ესროლეს გაზის კაფსულა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდნენ. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის ცრემლსადენის გაზის გასროლისა და კაფსულების ვარდნის ხმა იქ, სადაც “TV პირველის” გადამღები ჯგუფი მუშაობს. ამ დროს, მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს უკვე დატოვებული ჰქონდათ.  გასროლამდე, წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა. ჟურნალისტს და ოპერატორს დაზიანებები არ მიუღიათ.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ ჟურნალისტი სამართალდამცველს უხსნის რომ ჟურნალისტია და ეკითხება, რატომ უშლის მუშაობაში ხელს.

  • ფიზიკური დაზიანება

 აქციაზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ორჯერ დაშავდა “TVპირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია. პირველი შემთხვევა, როგორც ტელეკომპანია იუწყება, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასტან მოხდა . კოკაია შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტმა გაზის კაფსულები გაისროლა. მას სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.

მეორე შემთხვევა ორბელიანის მოედანზე მოხდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ოპერატორს ფეხზე სავარაუდოდ გაზის კაფსულა მოხვდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ჯგუფს, სავარაუდოდ აქციის მონაწილემ “გაურკვეველი სითხე” შეასხა, რის შედეგადაც, ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირეკიძე დაშავდნენ. მოგვინებით საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით. “იმედის” ჟურნალისტების შესახებ.

    • ტექნიკის დაზიანება/დაკარგვა

    გამოცემებმა „პროექტი 64”, „ნეტგაზეთი” და „მაუწყებელი”  საჰაერო გადაღების კამერები დაკარგეს.

    “პროექტ 64”-ის დამფუძნებელი და ჟურნალისტი, გიორგი გოგუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კამერა პარლამენტის მიმდებარედ იღებდა კადრებს, რა დროსაც, მოულოდნელად კამერამ უცნაურად დაიწყო ფრენა, მან კი კონტროლი დაკარგა. “ვაკონტროლებდი მარტო კამერის მიმართულებას, მაგრამ დრონის ტრაექტორიას ვერ. ბოლო კადრი, სანამ სიგნალი დაიკარგა, არის სადღაც რუსთაველიდან მთაწმინდის მიმართულებით. ფრენის ისტორია რუკაზე მიჩვენებს, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა“. 

    „ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დრონი რუსთაველის გამზირზე დაკარგეს. “ნეტგაზეთის”, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები, სავარაუდოდ, საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონტრაციის გადაღებას ვცდილობდით,” – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

    გავრცელებული ინფორმაციით, დრონი დაკარგა გამოცემა “მაუწყებელმაც”. გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, – უთხრა „მაუწყებელის“ ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს.


    საქართველოში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე

    „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა”, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში, ჟურნალისტის, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 434 ინციდენტი აღრიცხა. ზოგ შემთხვევაში, ერთი ინციდენტის დროს, ერთდროულად რამდენიმე ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი (მაგ. დაკავება და ფიზიკური ძალადობა).

    საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიების წინააღმდეგ განხორციელდა ისეთი ტიპის დარღვევები როგორებიცაა: ფიზიკური ძალადობა, უკანონო დაკავება/დაპატიმრება, დაკითხვა, გადაღების აკრძალვა, ადმინისტრაციულ შენობებში არშეშვება, უკანონო ჯარიმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და სხვა. მიუხედავად ასეთი მასშტაბური პრობლემისა, არც ერთი თავდამსხმელი, მათ შორის, საჯაროდ იდენტიფიცირებული პირები, პასუხისგებაში მიცემულები არ არიან.

    მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

    პარალელურად, დამოუკიდებელი მედია და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რეპრესიული კანონმდებლობის სამიზნე გახდნენ. “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი თუ ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში, რომელიც ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა თუ სამოქალაქო სექტორისთვის.

    ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა:

    პოლიტიკური მოტივით გასამართლება – 1 შემთხვევა

    6 აგვისტოს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს,
    2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    ფიზიკური ძალადობა და დაზიანება – 122 შემთხვევა

    • ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა – 82
    • ჟურნალისტების დაზიანება (მათ შორის, ქიმიური ნივთირებით აქციებზე) – 40

    ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა – 104 შემთხვევა

    • გადაღების აკრძალვა – 65
    • ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა – 18
    • საჯარო ღონისძიებაზე არშეშვება – 9
    • სასამართლო სხდომიდან გაძევება – 9
    • აკრედიტაციის შეჩერება – 3

    სამართლებრივი კატეგორიის ინციდენტები – 102 შემთხვევა

    • დაჯარიმება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აქციების გაშუქების დროს – 37 (ე.წ. “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძველით”, პროევროპული პროტესტის გაშუქებისას). ამ ეტაპზე ჯარიმების დიდიუმრავლესობა გასაჩივრებულია; მცირე ნაწილს ჯარიმა მოეხსნა;
    • სხვა ტიპის ფინანსური ჯარიმა (მაგ. მედიაორგანიზაციაზე დაკისრებული ჯარიმები, სოციალურ მედიაში პოსტის გამო ჯარიმა)- 17 ;
    • სამართლებრივი დევნა (მაგ. სასამართლოში დაბარება) – 19;
    • უკანონო დაკავება – 11;
    • მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა – 5;
    • SLAPP სარჩელი – 5;
    • დაკითხვა – 5;
    • სიტყვიერი გაფრთხილება – 3

    სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია – 108 შემთხვევა

    • სიტყვიერი შეურაცხყოფა – 65;
    • დაშინება – 22;
    • დისკრედიტაცია – 21;

    საკუთრებაზე თავდასხმა – 29 შემთხვევა

    • ტექნიკის დაზიანება – 13;
    • ტექნიკის ჩამორთმევა – 14;
    • ქონების დაზიანება (მაგ. სახლი, მანქანა) – 2.

    შრომითი უფლებები დარღვევის (2025 წლის იანვრიდან დღემდე) – 22 შემთხვევა
    (ყველა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უკავშირდება)

    • სამსახურიდან გათავისუფლება – 12;
    • დისციპლინური სანქციის დაკისრება – 8;
    • სამუშაო უფლების შეზღუდვა (მაგ. სამუშაოზე არდაშვება) – 2

    ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დარღვევების რაოდენობა განსაკუთრებითმაღალია პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ. მხოლოდ პროტესტისგაშუქებისას, 28 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, მედიის 181წარმომადგენელი დაზარალდა.

    საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების დაუსაბუთებლად არშემოშვების 9 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, არჩევნების გაშუქების დღეს, “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 70 შემთხვევა აღრიცხა.

    უცხოელი ჟურნალისტების საქართველოში შემოსვლისა და გასვლის შეზღუდვის შემთხვევები  

    2024-2025 წელს, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა”, უცხოელი ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების საქართველოში არ შემოშვების 9 შემთხვევა, ხოლო ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის 1 შემთხვევა აღრიცხა.

    ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მოტივი, სამართალდამცველებს, არცერთ შემთხვევაში არ დაუკონკრეტებიათ. დოკუმენტში, რომელსაც ისინი გადასცემდნენ ჟურნალისტს, მიზეზად დასახელებული იყო “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა”.

    საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადად არ უშვებდნენ ჟურნალისტებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან; აღსანიშნავია, რომ მათი ნაწილი საქართველოში იყო ნამყოფი, ზოგს ჰქონდა საქართველოში საპროტესტო აქციების გაშუქების გამოცდილებაც. მათ მსგავსად, ქვეყანაში არ შემოუშვეს ქართულ-სომხური გამოცემის რედაქტორი და ბელარუსი ჟურნალისტი. 

    საჯაროდ გავრცელებული შემთხვევები:

    ◾2025 წლის 11 ივნისს, საქართველოში არ შემოუშვეს ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო. ფოტოგრაფი გასულ წელს საქართველოს ორჯერ სტუმრობდა და გადაღებული აქვს ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებიც. მისი ფოტოები დაიბეჭდა The Eye of Photography-სა და Hot Mirror-ში, გამოიფინა თბილისის ფოტოფესტივალზე „ქოლგა“;

    ◾2025 წლის 20 მაისს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი, ვილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა; მიმდინარე წლის 31 მარტს, ნილმა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ბრიტანეთში რეგისტრირებულ  კომპანიებსა და საქართველოში, პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ;

    ◾2025 წლის 30 მარტს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთრეს იტალიური მედიის NurPhoto-ს ფოტოჟურნალისტს ჟერომ შაბოს, იქამდე, იგი რამდენიმე თვე საქართველოში იმყოფებოდა და აშუქებდა პროტესტს;

    ◾2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ფრანგი ჟურნალისტი კლემენ ჟირარდო. იგი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედიაგამოცემებთან, როგორებიცაა Le Monde, Society და Al Jazeera; 

    ◾2024 წლის 30 დეკემბერს, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს ბელგიელ ჟურნალისტს ვიტსე დე გეიტერს;

    ◾2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი. შვეიცარელი ჟურნალისტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად მოემგზავრებოდა;

    ◾2024 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი. ბეისლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათის განმავლობაში იყო;

    ◾2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი;

    ◾2024 წლის 16 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს  ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, რომელიც ბოლო სამი წელია საქართველოში ცხოვრობს ოჯახთან ერთად; 

    ქვეყნის დატოვების უფლების შეზღუდვა:

    ◾2024 წლის 17 ივლისს, ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს აფგან სადიქოვს. 3 აგვისტოს სადიგოვი დააკავეს და 4 აგვისტოს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა. 2025 წლის 16 აპრილს, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა, აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.