პრესის თავისუფლების გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

“რეპორტიორი საზღვრებს გარეშემ” (RSF) პრესის თავისუფლების გლობალური ინდექსი განაახლა, სადაც საქართველოს პოზიცია, წინა მაჩვენებელთან შედარებით, 21 ადგილით არის გაუარესებული. საქართველო 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილს იკავებს. 

გარემო კვლავ მტრული რჩება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ხოლო ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა იზრდება. „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება და გამკაცრება კიდევ უფრო მეტად აგდებს ჟურნალისტებს მარგინალურ მდგომარეობაში, მათ ცენზურის საფრთხის წინაშე აყენებს და მნიშვნელოვნად ამცირებს სივრცეს თავისუფალი სიტყვისთვის” – წერია RSF-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ ინდექსში საქართველოს შესახებ.

RSF-ის მიხვედით, პრობლემურია მდგომარეობა ტელევიზიებში, სადაც “გავრცელებულია მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია. ხოლო, მედიამფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს. ამის მაგალითია ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელმაც ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის შემდეგ სარედაქციო ხაზი შეიცვალა, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB), რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჩარევას განიცდის. ხოლო, გაფართოებული რეგულაციები ხელისუფლებას მედიაკონტენტის მკაცრი კონტროლის საშუალებას აძლევს”.

ორგანიზაცია ასევე მიმოიხილავს პოლიტიკურ კონტექსტსაც და აღნიშნავს, რომ “ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ამბობს უარს კრიტიკულ მედიასთან ურთიერთობაზე და მიმართავს ცენზურას, დისკრედიტაციის კამპანიებსა და დაშინებას”.

გაკრიტიკებულია სამართლებრივი საკითხებიც. კერძოდ, RSF-ის ახალ ინდექსში წერია, რომ “მთავრობას არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ”. ასევე, აღნიშულია ის რეპრესიული კანონები, რომლებიც მიიღო “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ. 

უარყოფითად არის შეფასებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებიც. კერძოდ კი, მარეგულირებლის უფლებამოსილების გაფართოება, შეაფასოს შინაარსის სიზუსტე და მიუკერძოებლობა. 

ინდექსში საუბარია ეკონომიკურ კრიზისზეც, რომელსაც დამოუკიდებელი მედია განიცდის უცხოური დაფინანსების ფაქტობრივი აკრძალვის პირობებში.

ჟურნალისტები, რომლებიც სენსიტიურ თემებს აშუქებენ, გაძლიერებულ დევნასა და ზეწოლას განიცდიან. ფარული მიყურადების პრაქტიკა და სამართლებრივი შეზღუდვები საფრთხეს უქმნის წყაროს კონფიდენციალურობას, რაც კიდევ უფრო აფერხებს საგამოძიებო ჟურნალისტიკასა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებას” – ნათქვამია RSF-ის ინდექსში. 

საქართველოში პრესის მდოგმარეობის შეფასებისას ხაზგასმულია ჟურნალსიტების უსაფრთხოების საკითხიც. 

რეპორტიორების მიმართ ძალადობა გამწვავდა, ხოლო ამ დანაშაულების გამოძიება არაეფექტურია, რაც დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს. უსაფრთხოების გარემოს გაუარესება დამოუკიდებელი მუშაობისთვის მთავარ დაბრკოლებად იქცა და ხელს უწყობს საყოველთაო თვითცენზურას”.

უფრო დეტალური მონაცემები, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევების კრიტიკულ მაჩვენებლებზე „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა“ (CMIS) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ” (RSF) 2025 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის “იმედსა” და “POSTV-ის” სანქციები დაუწესა

2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პროსამთავრობო ტელეკომპანიებს – “იმედსა” და “POSTV-ის”, უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო. სანქციების შესახებ იმ ფართო პაკეტიდან გახდა ცნობილი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებამ გაავრცელა

დიდმა ბრიტანეთმა პრო-სამთავრობო არხებთან ერთად სანქციები დაუწესა 

ათეულობით რუსულ კომპანიასა და 50 ნავთობტანკერს რუსეთიდან მესამე ქვეყანაში რუსული წარმოების ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაზიდვის გამო.

სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიები “იმედი” და “POSTV” ავრცელებენ დეზინფორმაციას იმის შესახებ თითქოს, „უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის “მარიონეტია”, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.“

აღსანიშნავია, რომ სანქციებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 30 იანვარს, ტელეკომპანია “იმედის” სრული წილი სიმბოლურ ფასად 1,000 ლარად გაასხვისა ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ. 

ახლა, “იმედის” წილები ამავე ტელეკომპანიის მენეჯმენტსა და შპს “პრაიმ მედია გლობალზეა” გადანაწილებული. შპს “პრაიმ მედია გლობალი” ბიზნესმენ ილია მიქელაშვილს ეკუთვნის, რომელიც მედიის ცნობით, კახი კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. 

სანქციების დაწესების მეორე დღეს,„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობა დატოვეს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამი წევრმა: დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილიმა და გიორგი ბახტაძემ.

ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში იყო, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი.

რაც შეეხება “POSTV”, ტელევიზიის წილებს ფლობენ პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანების”ხალხის ძალის” წევრია და შალვა რამიშვილი, რომელიც ამავე დროს “POSTV-ის” წამყვანია.  “POSTV-ის” მესამე მფლობელი თემურ ჭარელაშვილია.

შალვა რამიშვილი ხშირად ავრცელებდა “POSTV-ის” ეთერიდან უკრაინის წინააღმდეგ განცხადებებს, მაგალითად მას ეკუთვნის ფრაზები: „უკრაინის მარცხი ჩვენი გამარჯვებაა“, კიევი არის „Мать городов русских”.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, “იმედის” საბანკო ანგარიშები დაიბლოკა. დროებით ხარვეზი გაჩნდა ტელეკომპანია “იმედის” ვებ-გვერდზეც.

„განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის“ გავრცელების გამო დიდი ბრიტანეთის მიერ “POSTV-ზე” დაწესებული სანქციები ქართული ტელევიზიების ისტორიაში პირველი შემთხვევაა. 

სასამართლო პროცესების გაშუქება: ბარიერები ჟურნალისტებისთვის

2025 წელს, ორი ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა პროცესი გაიმართა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის საქმეზე. არაერთი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, “სინდისის პატიმრებთან” დაკავშირებითაც. უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გარდა, სასამართლოში წყდებოდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების და “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ბედიც. 

2025 წლის ბოლოდან და 2026 წლის დასაწყისში, გაიმართა “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ორგზის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო. მას არალეგალური შემოსავლების მიღებას ედავებიან. სასამართლო პროცესები გაიმართა, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ბიზნესმენების საქმეებზეც.

მსგავსი პროცესების გაშუქება, მედიისთვის პრიორიტეტულია. ასეთი ამბები იბეჭდება მედიაგამოცემების პირველ გვერდზე, ან სატელევიზიო ახალი ამბების პირველი სეგმენტის თემაა. “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ, მიღებული კანონებიდან/კანონებში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, მედიებს მნიშვნელოვნად ეზღუდებათ სასამართლოდან გაშუქება. საბოლოოდ კი, ეს აზიანებს საზოგადოების ინტერესს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. 

2025 წლის 18 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა და მალევე, დაჩქარებული წესით მიიღო, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომლითაც:

სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა აიკრძალა.

გარდა ამ უფლების შეზღუდვისა, სასამართლო პროცესების გაშუქებაზე მაუწყებლებსაც შეეზღუდათ წვდომა. კერძოდ, გაუქმდა 2013  წლიდან მოქმედი ნორმა , რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო პროცესის გაშუქება შეზღუდვის გარეშე შეეძლო,  ხოლო თუკი ის არ სარგებლობდა ამ უფლებით, გადაღების უფლების სხვა მაუწყებლისთვის გადაცემა შეეძლო მოსამართლის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

დაწესდა პირადი ნივთების ჩამორთმევის უფლება. სასამართლოს მიენიჭა უფლებამოსილება შენობაში შესულ პირებს ჩამოართვას მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტო-ვიდეო-აუდიო ტექნიკა და სხვა ნივთები. 

ამასთანავე, შეიზღუდა სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობა. სასამართლო აქტები მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ხდება საჯარო. ნებისმიერ პირს, მათ შორის მედიას, ეკრძალება გადაწყვეტილების გამოქვეყნება დეპერსონალიზაციის გარეშე. ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 

დაწესდა პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის. კერძოდ, მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ან სხვა მსგავსი ქმედებით) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მიღებული ცვლილებების შედეგად, სასამართლო შენობის გარეთ დარჩენილ მედიის წარმომადგენლებს შეექმნათ არასათანადო სამუშაო პირობები.  მათთვის არ არის მოწყობილი რაიმე სივრცე სასამართლოების ტერიტორიებზე, საიდანაც შეძლებდნენ დაუბრკოლებლად მუშაობას. მათ, ზაფხულში ძლიერ სიცხეში, ხოლო ზამთარში ყინვაში უწევთ მუშაობა, რათა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ.

იუსტიციის საბჭოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადოდ მოწყობილი, უსაფრთხო სამუშაო სივრცის მოწყობისკენ მოუწოდებს “მედიის ადვოკატირების კოალიცია”. კოალიცია “უკიდურესად კრიტიკულს” უწოდებს  დამოუკიდებელი მედიის სამუშაო პირობებს. 

“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” (CMIS) მიერ, შემზღუდავი კანონების ამოქმედებიდან აღწერილია, ისეთი პრაქტიკა, როცა სასამართლოში ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ, აზიანებენ მათ კუთვნილ ტექნიკას, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და უზღუდავენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ქვემოთ ჩამოთვლილია მსგავსი შემთხვევები:

ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” დაკავებული 13 პირის საქმის განხილვისას 2025 წლის 17 დეკემბრის სასამართლო პროცესზე, სატელევიზიო ჟურნალისტების თხოვნაზე პირდაპირ ეთერში ჩართვის მიზნით მათთვის სხდომის დარბაზიდან ერთხელ გასვლის უფლება მიეცათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განაცხადა, რომ სხდომის დატოვების შემთხვევაში ჟურნალისტებს დარბაზში დაბრუნების უფლება აღარ ექნებოდათ. 

2025 წლის 23 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “TV პირველის” ჟურნალისტს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტი სასამართლო სხდომაზე მხოლოდ მას შემდეგ დაუშვეს, რაც მანდატურის სამსახურმა მისი ტელეფონი დალუქა. 

2025 წლის 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა მცირე, 24-კაციან დარბაზში გამართა. დარბაზში  ადგილები სწრაფად შეივსო, რის გამოც, პროცესზე დასწრება ვერ შეძლეს იმ ჟურნალისტებმაც, რომელთაც პროცესის გაშუქება სურდათ.

2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალიტს, მინდია გაბაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატური პოლიციის გამოძახებით დაემუქრა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. მინდია გაბაძე სასამართლოში აქტივისტ გელა ხასაიას სასამართლო პროცესს აშუქებდა.

2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა ტელეფონი წაართვა და უკან გატეხილი დაუბრუნა.

2025 წლის 22 ივლისს, გამოცემა „პუბლიკის” რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი ვიდეოს გადაღების გამო კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა. ვარდიაშვილი ცდილობდა დაეფიქსირებინა, როგორ გამოიყვანა მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით სასამართლოს შენობიდან ოპოზიციური პარტიის წევრი.

2025 წლის 10 ივლისს, სასამართლო დარბაზიდან ფოტოს გავრცელების გამო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ლომიძე-ზასოხაშვილის პროცესი დახურა და დარბაზი ყველა დამსწრეს, მათ შორის ჟურნალისტებს, დაატოვებინა.

მედიის მიმართ, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ივლისში გამოცემული ბრძანება. “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა  ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღეს უფლება გადაეღოთ ბიძინა ივანიშვილის “პირად პატიმრად” მიჩნეული ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის, სასამართლო პროცესი. ეს იყო პირველი შემთხვევა, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებების შედეგად მედიას სასამართლო პროცესის გადაღება აეკრძალა, როცა იუსტიციის საბჭომ გადაღების ნებართვა გასცა. “იმედის” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათ იუსტიციის საბჭოს 2025 წლის 28 ივლისს მიმართეს და მეორე დღეს ნებართვა მიიღეს.

სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემები და  “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული “კლანური მმართველობა” აღიარებულია როგორც ადგილობრივ, ასე საერთაშორისო დონეზე. სასამართლო სისტემაში ჩამოყალიბებულია გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეშვეობით ახორციელებს სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლს.

საბჭოს ხელში კონცენტრირებულია მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების ნეპოტისტური სისტემა, სასამართლოს თავმჯდომარეების ინტერესზე დაფუძნებული დანიშვნა და დისციპლინური სამართალწარმოების მექანიზმები. გადატვირთულობისა და საქმეთა გაჭიანურების პირობებში, დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივი საფრთხე ქმნის შიშზე დაფუძნებულ მმართველობას, ზრდის კორუფციის რისკებს და არსებითად ზღუდავს სასამართლოს დამოუკიდებლობას.

აღნიშნული მექანიზმების ერთობლიობა, აყალიბებს კლანური მმართველობის მოდელს, რომლის პირობებშიც სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია არაფორმალურ გავლენებზე.

კომუნიკაციების კომისია – საფრთხე დამოუკიდებელი მაუწყებლებისთვის 

საქართველოს კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს მარეგულირებელ ორგანოს, რომლის მანდატი მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროს ზედამხედველობას. კომისიის საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მედიის გარემოსა და გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოში. კახა ბექაურს, რომელიც 2014 წელს კომისიის წევრად იყო არჩეული, ხოლო 2017 წლიდან თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მიმდინარე წლის 29 იანვარს დაგეგმილია კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.

კახა ბექაურის თავმჯდომარეობის პერიოდში კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებები გახდა მედიის თავისუფლებისა და უფლებების დამცველი ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, თავმჯდომარეობის დროს მარეგულირებელი ორგანო იღებდა შერჩევით და არაპროპორციულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაკუთრებით დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მედიის საქმიანობაზე კომუნიკაციების კომისიის ზედამხედველობისა და სანქცირების გაფართოებული უფლებამოსილებები განისაზღვრა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რამაც არსებითად შეცვალა მარეგულირებლის როლი მედიის სფეროში და გააძლიერა მისი გავლენის სფერო.

CMIS-ის მიერ მომზადებულ მასალებში წარმოდგენილია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები და პრაქტიკა, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია მედიის უფლებების დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და რომლებიც მედიის თავისუფლების სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით კრიტიკულად შეფასდა.

დაჩქარებული წესით მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული დაუსაბუთებელი ცვლილებით კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება ჩაერიოს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის 1 აპრილს მიიღო. ცვლილების თანახმად, სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება, მნიშვნელოვნად გაიზარდა მარეგულირებელი ორგანოს კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება; კერძოდ, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა რეგულირების სფეროში მოექცა.

ა) კანონში შესული ცვლილებების თანახმად, იკრძალება ე.წ. „უცხოური ძალისგან“ მაუწყებლის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება და “უცხოური ძალის” მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, გარდა რეკლამისა ან პროდუქტის განთავსებისა.

ბ) მაუწყებლებს აგრეთვე ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

) ცვლილებით შემოვიდა ასევე დეტალური რეგულაციები ტელე- და რადიომაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტისა და პასუხის უფლების შესახებ. აგრეთვე დაემატა რეგულაციები ფაქტის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებისა და გადაცემის, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევისა და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებისა და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხების შესახებ.

2025 წლის 12 ივნისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილებები შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში და ახალი თავი დაემატა „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს“. ცვლილებებმა კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა კიდევ უფრო ფართო უფლებამოსილება. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიას შეუძლია მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ბანკებისგან სასამართლოს გზით გამოითხოვოს. ცვლილებები, „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, საბანკო კონფიდენციალურობის დარღვევის შესაძლებლობის მინიჭების ტოლფასია და „მედიაზე ფინანსური ზეწოლისა და შანტაჟის ახალი იარაღია“.

კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ მიღებული ცვლილებების ფონზე კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული ქმედებები:

1. 2026 წლის 22 იანვარს კომუნიკაციების კომისიამ „რადიო მარნეული“ წერილობით გააფრთხილა გრანტის მიღების გამო. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ რეპრესიული ცვლილებიდან გამომდინარე მიიღო, რაც მედიასაშუალებებს უკრძალავს დონორი ორგანიზაციებისგან გრანტის მიღებას.

2. „რადიო მარნეულმა“ 2025 წლის 9 ოქტომბერსაც მიიღო წერილობითი გაფრთხილება კომუნიკაციების კომისიისგან, იგივე მიზეზით “უცხოური ძალისგან” გრანტის მიღების გამო.

3. 2025 წლის 9 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“ წერილობით გააფრთხილა და მათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა და “უცხოური ძალისგან” დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

4. 2025 წლის 9 ოქტომბერს “უცხოური ძალისგან” დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა კომუნიკაციების კომისიამ „რადიო-ტვ ნორსაც“.

5. 2025 წლის 9 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ წერილობით გააფრთხილა „სისტემა გამაც“. მათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა და “უცხოური ძალისგან” დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

6. 2025 წლის 3 ივლისს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიები „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ სამართალდამრღვევებად სცნო „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე.

პარტიამ ტელევიზიებს ისეთი ტერმინების გამო უჩივლა, როგორებიცაა: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „კლანის სასამართლო“ და სხვ.

კომუნიკაციების კომისიის მიერ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებამდე, წინასაარჩევნო პერიოდში, რომლებიც მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა აღრიცხა:

1. 2024 წლის 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და ეთერში პარტიის ვიდეორგოლის განთავსების გამო.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის ოქმის საფუძველზე მიიღო, რომელიც ტელეკომპანიას კომისიამ 10 ოქტომბერს შეუდგინა. ტელეკომპანია „ფორმულამ“ Edison Research-ის კვლევით იხელმძღვანელა, სადაც პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანიას კვლევის შედეგების შემოწმება მოსთხოვა. „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, გადაწყვეტილება სისტემური მიკერძოების დასტური იყო, რომელიც „საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და წინასაარჩევნოდ მედიის დასჯის მცდელობას წარმოადგენს“.

2. 2024 წლის 11 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიები „ფორმულა“, „TV პირველი“ და „მთავარი არხი“ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში არ გაშვების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კომუნიკაციების კომისიის დასკვნა.

„ქართული ოცნება“ ტელევიზიებისგან ითხოვდა ეთერში გაეშვათ მისი პოლიტიკური რეკლამა — „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. 9 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები სამართალდამრღვევებად სცნო. კომისია განცხადებაში მიუთითებდა, რომ „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლი არ შეიცავს არც ომის პროპაგანდას და არც ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას, რაზეც მაუწყებლები ამახვილებდნენ ყურადღებას.

მედიის წარმომადგენლების დაჯარიმების და ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევები

2024 წლის 26 ოქტომბრიდან, საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოში დაწყებული პროევროპული პროტესტის შემდეგ, ჟურნალისტები არაერთხელ გახდნენ თავდასხმებისა და უკანონო შეზღუდვების მსხვერპლნი. დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს უსამართლოდ აკისრებდნენ სანქციებს, მათ შორის ჯარიმებს პროტესტების გაშუქებისას „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით. ადმინისტრაციული წესით დააკავეს ერთი ჟურნალისტი. “გზის გადაკეტვის” გარდა ჟურნალისტებს “ტროტუარზე დგომასაც” ედავებიან.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვა” ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად ითვლება შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად. ჟურნალისტები, რომელთა წინააღმდეგაც ამ საფუძველზე დაიწყო სამართალწარმოება, აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, ჯამში, ჟურნალისტების მიმართ ჯარიმის 43 ოქმი გამოიწერა. მათგან:

  • 42 ოქმი გამოიწერა “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” ბრალდებით, 2 შემთხვევაში ჟურნალისტებს ედავებოდნენ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას; 1 შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს “მედიაჩეკერის” ჟურნალისტს ნინია კაკაბაძეს.
  • სულ დაჯარიმდა მედიის 35 წარმომადგენელი. მათგან, ზოგიერთი, არაერთხელ.
  • გასაჩივრების შედეგად გაუქმდა 12 საჯარიმო ოქმი;
  • 23 შემთხვევა ჯერ ისევ განხილვაშია;
  • 4-მა ჟურნალისტმა დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა;
  • 1 საქმე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში;
  • 1 საქმე კი გასაჩივრდა სტრასბურგის სასამართლოში.

1. “ტაბულას” ჟურნალისტს, მარიამ კუპრავას 2026 წლის 7 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შსს რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვას” ედავება. მარიამ კუპრავა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, აშუქებდა პარლამენტთან მიმდინარე აქციას. მარიამ კუპრავას საქმეზე 23 მარტს ჩატარებული სასამართლო სხდომა მოსამართლემ 30 მარტამდე გადადო.

2. 2026 წლის 31 იანვარს “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” ბრალდებით დააჯარიმესნეტგაზეთის” ჟურნალისტი მარიამ ძიძარია. ჟურნალისტი “შაბათის მარშს” აშუქებდა. საქმეზე სასამართლო სხდომა 27 მარტს გაიმართა. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სხდომა გადადო. შუამდგომლობა შსს-მ მტკიცებულებების არ ქონის გამო დააყენა.

3. 2025 წლის 18 დეკემბერს, პარლამენტის წინ, ტროტუარზე გამართულ აქციაზე დააჯარიმეს ფოტორეპორტიორი გიორგი თარხნიშვილი. თარხნიშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მოგვიანებით, მოსამართლემ შეწყვიტა ფოტორეპორტიორის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დევნის საქმე.

4. შსს რადიო თავისუფლების ოპერატორს ზუკა ხიდაშელს 2025 წლის 18 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებოდა. 19 მარტს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საქმე შეწყვიტა. ზუკა ხიდაშელის წინააღმდეგ “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საბაბით შსს-მ მეორე საქმე 2025 წლის 4 სექტემბერს დაიწყო. ოპერატორი 5,000 ლარით დააჯარიმეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ზუკა ხიდაშელი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 4 სექტემბრის საქმე გაასჩივრებულია სასამართლოში, განხილვა არ დასრულებულა.

5. OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხჯერ დააჯარიმა „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით – 11 მარტს, 15 მარტს, 2 აპრილს და 3 აპრილს. ჯამში ჟურნალისტს 20 000 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული. მარიამ ნიკურაძემ ყველა ჯარიმა გაასაჩივრა. გასაჩივრებიდან ათი თვის შემდეგ, მისი არცერთი საჩივარი განხილული არ არის. დაჯარიმების მომენტში მარიამ ნიკურაძე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას – აშუქებდა აქციას, ეკეთა პრესის ნიშანი და თან ჰქონდა პროფესიონალური ფოტოკამერა.

6. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ანამარია გელიტაშვილი ორჯერ დაჯარიმდა, ჯამში 10 000 ლარით. ჟურნალისტს შსს ედავება 2025 წლის 6 მაისის და 27 მარტის საპროტესტო აქციების დროს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას”. ანამარია გელიტაშვილის თქმით, ორივე შემთხვევაში ის ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას და ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. გასაჩივრების შემდგომ, ჟურნალისტს ერთი ჯარიმა გაუუქმეს. მეორე შესახებ კი მისთვის არ შეუტყობინებიათ.

7. JamNews-ის ქოფირაითერი ირაკლი დათუნაშვილი ორჯერ დაჯარიმდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 2025 წლის 28 თებერვალსა და 6 მარტს გამართულ აქციებზე. მისი ჯარიმების ოდენობა ჯამში 10 000 ლარია. მან ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა, საქმის წარმოება ჯერ დასრულებული არ არის.

9. გაზეთ “ქრონიკა+”-ის ჟურნალისტი ირინა მაკარიძე 6 აპრილს არის დაჯარიმებული 5 000 ლარით, იგივე საფუძვლით, რითაც სხვა რეპორტიორები. ამ დღეს ის პროფესიულ მოვალეობას ასრულდებდა. მას ჯარიმის შესახებ 25 აპრილს აცნობეს. გასაჩივრების შემდეგ, ირინა მაკარიძეს ჯარიმა გააუქმეს.

10. “ტაბულას” ჟურნალისტი ლუკა კაციტაძე 2025 წლის 12 აპრილს, 5 000 ლარით დააჯარიმეს. გამოცემა “ტაბულას” ინფორმაციით, ლუკა კაციტაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

11. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ელისო ჯარიაშვილს 2025 წლის 10 აპრილს აცნობეს, რომ 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავება, რომ 2025 წლის 12 მარტს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, გზა ხელოვნურად გადაკეტა. ელისო ჯარიაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე გამოგზავნილ მასალებში ჩანს, რომ დაჯარიმების მომენტში ჟურნალისტი ოპერატორებთან და კოლეგა ჟურნალისტთან ერთად, ინტერვიუს წერს რუსთაველის გამზირზე. ჯარიაშვილმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმე ამ დრომდე განხილული არ არის.

12. ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 2025 წლის 7 თებერვალს დააჯარიმეს 5 000 ლარით. ფოტოგრაფმა ჯარიმა გაასაჩივრა. 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ფოტოგრაფი სამართალდამრღვევად მიიჩნია და მისი ჯარიმა ძალაში დატოვა. ფოტოგრაფი აქციაზე სამუშაო მოვალეობას ასრულებდა და ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს. პირველი სასამართლოს გადაწყვეტილება მან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

13. ონლაინ მედია “მაუწყებლის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი ჯამში 10 000 ლარით არის დაჯარიმებული. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება 2025 წლის 16 თებერვლისა და 30 აგვისტოს აქციებზე. გასაჩივრების შემდეგ, შსსმ ერთი ჯარიმა გაუუქმა, ხოლო მეორე შემთხვევაში, მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ჟურნალისტმა საზოგადოების დახმარებით თანხა შეაგროვა და ჯარიმა გადაიხადა.

14. “მედია აპრილის” მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 29 მარტის აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ხატია ღოღობერიძისთვის ჩაბარებულ ოფიციალურ შეტყობინებაში არ არის მითითებული, რომ ის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა – იგი იდენტიფიცირებულია როგორც აქციის მონაწილე. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა. მისი საჩვარი ჯერ არ განხილულა.

15. „ამერიკის ხმის“ საქართველოს კორესპონდენტი ნინო დალაქიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს “გზის გადაკეტვის” ბრალდებით. ჟურნალისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში მუშაობდა. პოლიციის შეტყობინება მან 2025 წლის 25 მარტს მიიღო. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმე ამ დრომდე განხილული არ არის.

16. “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ნინო ბაიდაური, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 21 მარტს რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. ჟურნალისტი დაჯარიმების მომენტში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რის გამოც, ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა არც მისი საქმის განხილვა დასრულებულა.

17. “რადიო თბილისის” ჟურნალისტი მერაბ მერკვილაძე ორჯერ, 10 000 ლარით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 და 19 მარტს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა. საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

18. ტელეკომპანია “პირველის” ფოტოჟურნალისტი გიორგი მოსიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორჯერ დააჯარიმა, ჯამში 10 000 ლარით. პოლიცია ფოტოჟურნალისტს ედავება 21 თებერვალს და 11 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარიმის დაკისრების დროს, იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.

19. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს. მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 13 მარტს. დაჯარიმების მომენტში იგი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და პირდაპირ ჩართვაზე მუშაობდა. კერძოდ, “ფორმულას” მაყურებელს აწვდიდა ინფორმაციას აქციაზე დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა გაუუქმეს თუ არა სანქცია, მისთვის ამ დრომდე უცნობია.

20. ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს 2025 წლის 24 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებიან. ის 5 000 ლარით დააჯარიმეს. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმის განხილვისა, თუ შედეგების შესახებ მისთვის არ უცნობებიათ.

21. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონლაინმედია “პროექტი 64”-ის წარმომადგენელი ბექა ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 11 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით. ბერიძემ ჯარიმა შსს-შივე გაასაჩივრა, თუმცა სამინისტრომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ამჟამად სასამართლოშია გასაჩივრებული.

22. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს 2025 წლის 21 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. ჟურნალისტი პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქციას აშუქებდა. გასაჩივრების შემდეგ მას ჯარიმა გაუუქმეს.

23. “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი დაჯარიმდა 2025 წლის 14 თებერვლის საპროტესტო აქციის დროს. ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და ეკეთა პრესის ნიშანიც. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა. რის შემდეგაც, ბასტი მგალობლიშვილმა სასამართლოს მიმართა. თუმცა, საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

24. “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 17 თებერვალს დააჯარიმა 5 000 ლარით. ჟურნალისტმა სამინისტროს წარუდგინა პროფესიული მოვალეობის შესრულების მტკიცებულებები, რის შემდეგაც ჯარიმა გაუქმდა.

25. “სტუდია მონიტორის” კიდევ ერთი ჟურნალისტი ნინო შუბითიძე დააჯარიმეს 17 თებერვალს 5 000 ლარით. გასაჩივრების შემდეგ, ჟურნალისტის ჯარიმა გაუქმდა.

26. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს ედავებოდნენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 17 თებერვლის აქციის გაშუქებისთვის. 21 თებერვალს მას აცნობეს 5 000 ლარის ჯარიმის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ჯარიმა გაუქმდა.

27. “ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი 2025 წლის 14 თებერვალს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დააჯარიმეს. “ტაბულას” ინფორმაციით, მას ეკეთა პრესის ნიშანი. მოგვიანებით ჯარიმა გაუუქმეს.

28. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ2025 წლის 2 თებერვალს გამართულ პროევროპულ აქციაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით 5 000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტმა ჯარიმა ჯერ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, მას მერე რაც ჯარიმა არ გაუუქმეს, სააპელაციო სასამართლოს მიმართა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ნათია გოგსაძემ ამჯერად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლა.

29. “მედია აპრილის” ფოტოჟურნალისტ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „დადგენილია ფაქტი“, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. როდესაც ფოტოჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იქ ჟურნალისტური საქმიანობის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო, სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა: „ეს თქვენ უნდა დაამტკიცოთ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით, რის საფუძველზეც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.“ საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

30. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ ეკა ქევანიშვილს პოლიცია ედავებოდა, რომ 2025 წლის 22 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტა. ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად აქციაზე ვიდეოს იღებდა. გასაჩივრების შემდეგ, ჯარიმა გაუქმდა.

31. 2025 წლის 4 იანვარს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიანმთავარი არხის“ ჟურნალისტ ალექსანდრე საჯაიასაც.

32. Euronews-ის ქართული ბიუროს ჟურნალისტი დავით კეკენაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 3 იანვარს გამართული პროევროპული აქციის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით. რეპორტიორს გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში აღარ გაუსაჩივრებია და ჯარიმა გადაიხადა.

ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დააკავეს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე:

33. 2025 წლის 3 ნოემბერს “მედიაჩეკერის” ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ის დაახლოებით 40 წთ-ში გაათავისუფლეს. ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ორი განსხვავებული შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტების მიმართ ასევე გამოიყენეს ფინანსური სანქცია, სხვა მოტივით:

34. ფოთის ტელევიზია „მეცხრე ტალღის“ დირექტორი და რეგიონული მაუწყებლების ალიანსის თანათავმჯდომარე გერმანე სალია ზუგდიდში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისას 1 000 ლარით დააჯარიმეს. მისი თქმით, ის მსვლელობას აშუქებდა. აქციიდან სამი დღის შემდეგ, ფოთიდან ზუგდიდში გადაადგილებისას, საპატრულო პოლიციამ გააჩერა და აცნობა, რომ მისი ავტომობილი 2024 წლის 13 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით ძებნის სპეციალურ სიაში იყო. მიუხედავად განმარტებისა, ჯარიმა მაინც დაეკისრა.ჟურნალისტმა ჯარიმა გადაიხადა.

35. “ტაბულას” ჟურნალისტ ნიკოლოზ ჭირაქაძეს სამართალდამცველებმა აცნობეს, რომ 2025 წლის 17 იანვარს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე „საგზაო წესები დაარღვია“ და სამართლებრივი პროცედურები დაიწყებოდა. “ტაბულას” ინფორმაციით, ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, რის შემდეგაც ის გაუუქმეს.

„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5,000 ლარამდე.